ჟან-კლოდ იუნკერი - აღმოსავლეთ ევროპაში ყველა კონფლიქტი უნდა დასრულდეს
აღმოსავლეთ ევროპაში ყველა კონფლიქტი უნდა დასრულდეს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა ბრიუსელში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ მაღალი დონის კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენ უნდა დავასრულოთ კონფლიქტები აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებს შორის. ვაკეთებთ ყველაფერს, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები დავაახლოოთ, რათა ყველა, იქნება ეს გაყინული თუ სხვა სახის კონფლიქტები, დასრულდეს. ჩვენ უნდა გვქონდეს მშვიდობა სამეზობლოში. სხვაგვარად პროგრესს ვერ შევძლებთ“, – განაცხადა ჟან-კლოდ იუნკერმა.
თავის გამოსვლაში ჟან-კლოდ იუნკერმა ყურადღება გაამახვილა ახლგაზრდა მოქალაქეებზე.
„ჩვენი მიზანი ნათელია – ესაა ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობის გაუმჯობესება, ჩვენი საზოგადოებების დაახლოება, რომ დავიცვათ ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების მოქალაქეთა ღირებულებები და მისწრაფებები – დემოკრატია, კანონის უზენაესობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა“, – განაცხადა იუნკერმა.
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირსა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მონაწილე სახელმწიფოებს შორის სავაჭრო ბრუნვა მნიშვნელოვნად გაიზარდა და შედეგად შეიქმნა ათასობით სამუშაო ადგილი.