ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი აცხადებს, რომ ბრექსიტისგან დაიღალა. როგორც გამოცემა „პოლიტიკო“ წერს, ამის შესახებ იუნკერმა ევროპული ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის სხდომაზე განაცხადა მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ტერეზა მეის შეხვდა.
როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, ის არ არის ძალიან ოპტიმისტურად განწყობილი შეთანხმების გარეშე ბრექსიტის თავიდან აცილებასთან დაკავშირებით.
„თუ შეთანხმება არ იქნება, რასაც მე არ გამოვრიცხავ, ამას საშინელი ეკონომიკური და სოციალური შედეგები მოჰყვება როგორც დიდ ბრიტანეთში, ისე მთელ კონტინენტზე. ამიტომ, ჩემი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ თავიდან ავიცილოთ უარესი. თუმცა, ძალიან ოპტიმისტურად არ ვარ განწყობილი“, – განაცხადა ჟან-კლოდ იუნკერმა.
„მე ბრექსიტისგან დაღლის მსგავსს გავიცდი… ეს კატასტროფაა“, -აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
როგორც მანამდე ევროკომისიის პრესსამსახურმა განაცხადა, ბრიუსელში ჟან-კლოდ იუნკერსა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ტერეზა მეის შორის კონსტრუქციული მოლაპარაკებები გაიმართა. იუნკერი და მეი თვის ბოლომდე კიდევ ერთ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.
დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 29 მარტს უნდა დატოვოს, თუმცა ბრიტანეთის პარლამენტი უარს აცხადებს, დაამტკიცოს ტერეზა მეის მთავრობის მიერ ბრიუსელთან შეთანხმებული ბრექსიტის გეგმა.