დიმიტრი საძაგლიშვილი მოსამართლეს მიმართავს - სიცოცხლის ბოლომდე ლაქად გაგყვებათ ეს საქმე, თავი გადაირჩინეთ
დიმიტრი საძაგლიშვილი მოსამართლეს მიმართავს - სიცოცხლის ბოლომდე ლაქად გაგყვებათ ეს საქმე, თავი გადაირჩინეთ

ჩვენი შუამდგომლობის დაკმაყოფილება თქვენთვის იქნება დადებითი შედეგის მომტანი და არა ნიკა მელიასთვის, – ამ სიტყვებით „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა მოსამართლე ნინო ჩახნაშვილს მიმართა.

მან მოსამართლეს მოუწოდა, დააკმაყოფილოს ადვოკატების შუამდგომლობა მისი აცილების თაობაზე.

„ვინმეს ახლა ჩვენი შუამდგომლობის დაკმაყოფილება თუ სჭირდება და ვინმესთვის დადებითი შედეგის მომტანი თუ იქნება, ეს ხართ მხოლოდ თქვენ და არა ნიკა მელია. თქვენ მიერ გახმოვანებული გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას არაფერი დააკლდება და თქვენ ნამდვილად. ამ შუამდგომლობას თუ დააკმაყოფილებთ, აუცილებლად პოზიტიურად აისახება როგორც თქვენს პროფესიულ მომავალზე, ასევე თქვენს პიროვნულ ცხოვრებაზე, ასევე იმაზე, რაზეც ბატონი ბექა ბასიალია საუბრობდა, რომ მნიშვნელობა არ აქვს, პროფესიულად სად და როგორ იქნებით, მნიშვნელობა არ აქვს, რა გარემოებებში ხდება გადაწყვეტილების მიღება. თქვენ აუცილებლად სიცოცხლის ბოლომდე ლაქად გაგყვებათ ეს საქმე და ამიტომ გთხოვთ, რომ თქვენი თავი გადაარჩინოთ ამით და დააკმაყოფილოთ წინამდებარე შუამდგომლობა“, – მიმართა საძაგლიშვილმა მოსამართლეს.

ნიკა მელიას ადვოკატებმა მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის აცილება მოითხოვეს. ადვოკატის განცხდებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმი, რაც ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება მელიას დაპატიმრების შესახებ წინასწარ არის ცნობილი.

ამასთან, შსს-ში აცხადებენ, რომ მედიით გავრცელებული კადრები განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზეა გადაღებული, სადაც თანამშრომლები ყოველდღიურად გადაადგილდებიან.