დიმიტრი ხუნდაძე - ვლადიმერ პოზნერისა და მისი თანამოაზრეების სტუმრობაც პროვოკაციული იყო და მასპინძლობაც
დიმიტრი ხუნდაძე - ვლადიმერ პოზნერისა და მისი თანამოაზრეების სტუმრობაც პროვოკაციული იყო და მასპინძლობაც

სტუმრობაც პროვოკაციული იყო და მასპინძლობაც. პროტესტის მესმის, მაგრამ ფორმა არ მომწონს. ამ კულტურისა და ტრადიციების მქონე ქვეყნისთვის ეს ფორმა შეუთავსებელია, თუმცა როგორც ხშირად, მიზანი სხვაა, „შემოქმედი“ – იგივე,  –  ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

„საბედნიეროდ, საზოგადოებაც იგივეა და კარგად „ზომავს“ პროტესტის გულწრფელობას და იმას, თუ ვინ აპროტესტებს. ისე, რა შინაარსითაც წინააღმდეგობას გამოვხატავთ, ამისთვის თავის დროზე უნდა მოგვეთხოვა პასუხი და არ ავყოლოდით „მარცხის ზეიმად გასაღებას“, ან მინიმუმ დღეს მაინც არ უნდა ვიდგეთ იქ, სადაც მხოლოდ ხელისუფლებაში დაბრუნების ჟინი „თუხთუხებს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი დაბადების დღის აღსანიშნად სტუმრებთან ერთად საქართველოში 31 მარტს ჩამოვიდა. როგორც პოზნერმა „რია ნოვოსტისთან“ საუბარში განაცხადა, უკან დაბრუნებას 3 აპრილს გეგმავდა, თუმცა ქვეყანა, განვითარებული მოვლენების გამო, ვადაზე ადრე დატოვა.

აქტივისტებმა და ოპოზიციის ლიდერებმა თავდაპირველად აქცია სასტუმრო „ვინოტელთან“ გამართეს, სადაც ჟურნალისტი თანმხლებ პირებთან ერთად ვახშამზე იმყოფებოდა.​ ოპოზიციის მხარდამჭერები აცხადებდნენ, რომ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა გადაადგილებაზე შეზღუდვა დაარღვიეს. სასტუმრო „ვინოტელი“ შრომის ინსპექციამ 10 000 ლარით დააჯარიმა.

ვინოტელი“ სტუმრებმა პოლიციის კორდონის საშუალებით დატოვეს. აქცია გაგრძელდა სასტუმრო „რუმს ჰოტელთან“ სადაც ჟურნალისტი სტუმრებთან ერთად იყო დაბინავებული. ოპოზიციის მხარდამჭერებმა სასტუმროს კვერცხები დაუშინეს.

აქტივისტებმა ჟურნალისტის სტუმრები „რუმს ჰოტელიდან“ აეროპორტში შეძახილებისა და კვერცხების სროლით გააცილეს.

ვლადიმერ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა საქართველო დატოვეს.