დიმიტრი ხუნდაძე - პარლამენტის დარბაზში უცხო წარმოშობის ნივთიერების შეტანაზე გამოძიება სავალდებულო პროცედურაა
დიმიტრი ხუნდაძე - პარლამენტის დარბაზში უცხო წარმოშობის ნივთიერების შეტანაზე გამოძიება სავალდებულო პროცედურაა

დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, პარლამენტის დარბაზში უცხო წარმოშობის ნივთიერების შეტანაზე, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას ზიანი მიაყენა, გამოძიების დაწყება სავალდებულო პროცედურაა.

მისივე თქმით, წინასწარ ვერ ეცოდინება, რა შეიძლება იყოს გამოძიების შედეგი.

„როდესაც საპარლამენტო დარბაზში შემოტანილია უცხო წარმოშობის ნივთიერება და შედეგი დგება ის, რომ რამოდენიმე ადამიანი იწამლება, მის ჯანმრთელობას ადგება ზიანი, გამოძიება ეს არის სავალდებულო პროცედურა. რა შედეგი დადგება, ეს უკვე გამოძიების პრეროგატივაა და წინასწარ დაკვეთილი განაჩენები, რა თქმა უნდა, ვერ იქნება, ეს დრო უკვე კარგა ხნის დავიწყებულია. ასე რომ, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს.  მთავარი არის ის, რომ მითუმეტეს საკანომდებლო ორგანოში, მითუმეტეს დეპუტატების ხელით, რაზეც არსებობს ეჭვი, არ შეიძლება, მსგავსი ქმედება ხორციელდებოდეს იქ, სადაც ყველაზე მეტად უნდა იყოს კანონი დაცული“ ,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

საქართველოს პარლამენტის წევრები ენძელა მაჭავარიანი და კობა ლურსმანაშვილი თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე დაიბარეს.

საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, დეპუტატების გამოკითხვაზე დაბარება 12 დეკემბრის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაურკვეველი ნივთიერების გაშვებას უკავშირდება, რის შედეგადაც ენძელა მაჭავარიანსა და კიდევ რამდენიმე ადამიანს სამედიცინო დახმარება დასჭირდათ.

ამ დროისთვის გამოკითხულია დეპუტატი სვეტლანა კუდბაც.

პარლამენტის სხდომათა დარბაზში 12 დეკემბერს, სესიის დროს დეპუტატებმა მძაფრი სუნი იგრძნეს. როგორც დეპუტატმა, ირაკლი კობახიძემ სხდომის მიმდინარეობისას აღნიშნა, დარბაზში ორი ოპოზიციონერი დეპუტატი შევიდა და გაურკვეველი​ ნივთიერება შეიტანა. დეპუტატ ზაზა პაპუაშვილის ინფორმაციით კი, მძაფრი სუნი მას შემდეგ დადგა, რაც სხდომათა დარბაზში ლელა ქებურია და ირმა ნადირაშვილი შევიდნენ.

ამასთან გავრცელდა ვიდეოკადრები, რომელშიც შესაძლოა, პარლამენტში გაურკვეველი ნივთიერების გამოყენება იყოს ასახული.

პარლამენტში გაურკვეველი ნივთიერების შეტანაზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.