დიმიტრი ხუნდაძე - გიგი უგულავას თავისუფლება თადუმაძის გამო კი არ აღეკვეთა, არამედ მის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო
დიმიტრი ხუნდაძე - გიგი უგულავას თავისუფლება თადუმაძის გამო კი არ აღეკვეთა, არამედ მის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო

გიგი უგულავას შალვა თადუმაძის გამო კი არ აღეკვეთა თავისუფლება, არამედ მის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა უზენაესი სასამართლოს მიერ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავასთვის პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, უგულავასთვის პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო.

„სამწუხაროა, მე როგორც პიროვნებას, ადამიანს არ მსიამოვნებს ვინმეს დაჭერა და ვინმეს თავისუფლების აღეკვეთება, მაგრამ გიგი უგულავა თადუმაძის გამო კი არ დაიჭირეს და თადუმაძის გამო კი არ აღეკვეთა თავისუფლება, არამედ იმის გამო, რა დანაშაულიც ჩაიდინა. ეს არის სასამართლოს გადაწყვეტილება, გვსიამოვნებს თუ არა. ჩვენ თუ განვიხილავთ, რომ პოლიტიკოსს შეუძლია, ჩაიდინოს გადაცდომა და მას იმის გამო არ დასჯიან, რომ პოლიტიკოსია, არ შეეხებიან და მის საქმეს არც განიხილავენ, მაშინ პოლიტიკას მივიღებთ როგორც თავშესაფარს დამნაშავეებისთვის. ამიტომ ეს მიუღებელია, არ შედის ქვეყნის ინტერესებში და არც საზოგადოების ინტერესში. უმჯობესია, მით უმეტეს პოლიტიკოსებმა გაითვალისწინონ მათი მაღალი პასუხისმგებლობა და არ წაუცდეთ ხელი“, – განაცხადა ხუნდაძემ.

მისი თქმით, პოლიტიკაში ყოფნა იმუნიტეტი არ არის.

„შესაბამისად, განაჩენი ყოველთვის იქნება მიუხედავად გვარიშვილობისა, პოლიტიკური თანამდებობისა, ეთნიკური წარმომავლობისა, თუ ჩვენ გვინდა, ვიყოთ სამართლიანი ქვეყანა და ამის პრეტენზია გვაქვს, რა თქმა უნდა, პოლიტიკაში ყოფნა ვერ იქნება იმუნიტეტი“, – განაცხადა დეპუტატმა.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე დამნაშავედ ცნო. როგორც საქართველოს პირველ არხს უგულავას ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განუცხადა, უზენაესმა სასამართლომ უგულავას სამი წლითა და ორი თვით პატიმრობა მიუსაჯა.

მოგვიანებით, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე, რომელზეც გიგი უგულავას სამი წლითა და ორი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, განცხადება გაავრცელა.