დიეგო კოსტას ფეხზე ოპერაციას გაუკეთებენ | ფეხბურთელი თებერვლამდე დაისვენებს
მადრიდის „ატლეტიკომ“ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ დიეგო კოსტა ამ კვირაში მარცხენა ფეხზე ოპერაციას გაიკეთებს. ესპანეთის ნაკრების წარმოშობით ბრაზილიელმა ფორვარდმა ტრავმა 11 ნოემბერს, ბილბაოს „ატლეტიკთან“ მატჩის დროს (3-2) მიიღო და მას შემდეგ ტკივილებს უჩივის. ქირურგიული ჩარევა ფეხბურთელის ისტორიულ სამშობლოში, ბრაზილიაში მოხდება.
„სხვადასხვა ვერსიების განხილვის შემდეგ, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ოპერაცია ბრაზილიაში, „ატლეტიკოს“ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ჩატარდეს“, – ნათქვამია „ატლეტიკოს“ მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.
მადრიდული გუნდის ხელმძღვანელობას არ დაუკონკრეტებია, დაახლოებით რამდენ ხანში შეძლებს ფეხბურთელი მოედანზე დაბრუნებას, თუმცა ესპანური გაზეთი „ასი“ (AS) ავრცელებს ინფორმაციას, რომ პაუზა კოსტასთვის თებერვლამდე გაგრძელდება.