ლუის სუარესმა „ატლეტიკოსთან“ კონტრაქტი შეათანხმა
ლუის სუარესმა „ატლეტიკოსთან“ კონტრაქტი შეათანხმა

„ბარსელონას“ ფორვარდმა ლუის სუარესმა, შესაძლოა, კარიერა მადრიდის „ატლეტიკოში“ გააგრძელოს.

„მუნდო დეპორტივოს“ ინფორმაციით, 33 წლის ურუგვაელმა ფეხბურთელმა ბოლომდე შეათანხმა კონტრაქტის პირობები ესპანურ კლუბთან და მუდმივ კონტაქტშია „ატლეტიკოს“ ხელმძღვანელობასთან.

წყაროს ცნობით, სანამ ტრანსფერი განხორციელდება, მადრიდულმა კლუბმა უნდა გაყიდოს თავისი ფორვარდი დიეგო კოშტა, რომელზეც პრეტენზიას „ფენერბაჰჩე“ აცხადებს.

არის კიდევ სხვა გადასაწყვეტი საკითხები. მაგალითად, სუარესს სურს „ბარსელონასგან“ კონტრაქტით დარჩენილი ერთი წლის ხელფასი მიიღოს. კატალონური კლუბი, ჯერჯერობით, არ თანხმდება ამ მოთხოვნას.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ ურუგვაელი შეავსებდა „იუვენტუსის“ შემადგენლობას, მაგრამ გარიგება არ შედგა, რადგან სუარესი ვერ მოასწრებს სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე იტალიის მოქალაქეობის მიღებას.

ლუის სუარესი „ბარსელონაში“ 2014 წლიდან თამაშობს. 2019-20 წლების სეზონში მან 36 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავის გუნდს 21 გოლითა და 10 შედეგიანი გადაცემით დაეხმარა.