დიდი საქმე მსხვერპლს ითხოვს - დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დამოუკიდებლობის დღეა [ვიდეო]
დიდი საქმე მსხვერპლს ითხოვს - დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დამოუკიდებლობის დღეა [ვიდეო]

15 თებერვალი დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის დაბადების დღეა. 31 წლის წინ, 1990 წლის 15 თებერვალს, ვერის პაკში მდებარე ჭადრაკის სასახლეში გამართულ დამფუძნებელ ყრილობაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დაარსდა.

საქართველო იყო პირველი ყოფილ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებს შორის, რომელმაც ოფიციალურად დატოვა სსრკ-ის საფეხბურთო კავშირი და დამოუკიდებელი გზა აირჩია.

ნოდარ ახალკაცი იყო მთავარი ფიგურა, რომელმაც ყრილობაზე ვითარება გარდატეხა – დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგე დელეგატები საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში კიდევ ერთი წლით დარჩენას ითხოვდნენ.

„დიდი საქმე მსხვერპლს ითხოვს… ამ გზას თუ ავირჩევთ, მერე უკან დახევა არ იქნება. თუ ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლები დღეს მხარს გვიჭერენ და დამოუკიდებლობას მოითხოვენ, ხვალ საწინააღმდეგო არ უნდა გვითხრან. მე არ ვეთანხმები იმათ, ვინც ფიქრობს, რომ საქართველოში ფეხბურთის დონე დაეცემა. პირიქით იქნება. ყველას გასაგონად ვამბობ, რომ საბჭოთა კავშირში ისეთი პოლიტიკური მდგომარეობაა (ექვს ქალაქში ტანკები დგანან), შეიძლება საკავშირო ჩემპიონატი ვერც დაამთავრონ. მგონია, დღეს ყველანი უნდა ვიყოთ აქ, საქართველოში… ასეთნაირად დავამთავრებ: როგორც დიდი ილია ბრძანებდა, ქვეყანაზე ზოგი ისეთი საგანია, თუ არ დაინახე, ვერ ირწმუნებ; ზოგიც ისეთი, თუ არ ირწმუნე, ვერ დაინახავ. მოდით, საქართველოს კარსმომდგარი თავისუფლება დავინახოთ და ფეხბურთის საქმეც ისე მოვაწყოთ, როგორც ჩვენს ხალხს ეკადრება“, – განაცხადა ნოდარ ახალკაცმა.

ამ გამოსვლამ დელეგატებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მოწინააღმდეგეებმა უკან დაიხიეს. საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში დროებით დარჩენას მხარი მხოლოდ 15 დელეგატმა დაუჭირა, დანარჩენმა (399 დელეგატმა) ხმა დამოუკიდებელი ფეხბურთის ფედერაციის დაარსებას მისცა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველ პრეზიდენტად XX საუკუნის საუკეთესო ქართველ მწვრთნელად აღიარებული ნოდარ ახალკაცი აირჩიეს. თასების მფლობელთა თასის 1980-81 წლების გათამაშებაში გამარჯვებული თბილისის „დინამოს“ თავკაცი ამ თანამდებობაზე გარდაცვალებამდე, 1998 წლის იანვრამდე მოღვაწეობდა.

ამ სხდომის შემდეგ ქართულმა კლუბებმა უარი განაცხადეს ჯერ კიდევ ერთიანი საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის უმაღლეს და დაბალ ლიგებში თამაშზე, 30 მარტს კი, სფფ-ის დიდი ძალისხმევით, პირველი ეროვნული ჩემპიონატიც დაიწყო.

1992 წლის 25 თებერვალს ფიფა-მ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დროებით წევრად მიიღო, ხოლო იმავე წლის 3 ივლისს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში გამართულ მორიგ კონგრესზე, ფიფა-მ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სრულუფლებიან წევრად აღიარა, ხოლო უეფა-მ დროებით წევრად 1992 წლის მაისში მიიღო, 1993 წლის 17 ივნისს კი – მუდმივ წევრად.

1992 წლიდან საქართველოს ეროვნული და სხვადასხვა ასაკის ნაკრებები საერთაშორისო მატჩებს ატარებენ, ხოლო 1993-94 წლების სეზონიდან ქართული კლუბები უეფა-ს საკლუბო გათამაშებებში მონაწილეობენ.