ოთარ გაბელია - „ფახტაკორთან“ და „ლივერპულთან“ ერთნაირი მიდგომა გვქონდა #1TVSPORT
ოთარ გაბელია - „ფახტაკორთან“ და „ლივერპულთან“ ერთნაირი მიდგომა გვქონდა #1TVSPORT

ოთარ გაბელიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ თბილისის „დინამოს“ 13 მაისის ტრიუმფზე ისაუბრა და გაიხსენა, გუნდს ნოდარ ახალკაცი როგორი ტაქტიკით ათამაშობდა.

„ახალკაცის დროს 4-4-2 სქემას ვიყენებდით და გუნდი ისე კარგად თამაშობდა, ტაქტიკას შეცვლა არც სჭირდებოდა. ჩვენ ერთნაირი მიდგომა გვქონდა ყველა გუნდთან – როგორც ტაშკენტის „ფახტაკორთან“, ასევე „ლივერპულთან“.

ახალკაცს ჰქონდა ეს თვისება – თამაშამდე ისე მიგიყვანდა, თითქოს ჩვეულებრივი კალენდარული შეხვედრა იყო – ზედმეტი დაძაბვის გარეშე, ფეხბურთელი მორალურად ზედმეტად რომ არ გადატვირთულიყო.

მახსოვს, „ლივერპულთან“ სათამაშოდ რომ ჩავედით, ინგლისში პირველად ვიყავით და პირველად ვნახე მსგავსი უცნაური ძელი – არა მრგვალი, არამედ ოვალური ფორმის. „ლივერპულთან“ პანიკაში შეიძლებოდა ჩავარდნილიყავი, რადგან ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული იყო. მერე მათი ფანების ამბავიც იცით.

ნოდარი ტაქტიკას ცვლიდა თამაშიდან გამომდინარე, ასევე იმის მიხედვით, შინ ვთამაშობდით თუ გარეთ და ვის ვხდებოდით. თუმცა, დღევანდელი მწვრთნელებივით სათადარიგოთა სკამიდან არ დგებოდა და არ ყვიროდა. სათქმელს ახლოს მყოფ მოთამაშეს მეორე მწვრთნელის პირით გადასცემდა.

რაც მთავარია, კარგი ფსიქოლოგი იყო. ერთხელ საკმაოდ სუსტ დანიურ გუნდს ვხდებოდით და იფიქრა, არ მოვდუნებულიყავით. ამის გამო თამაშის გარჩევაზე გვითხრა, თითქოს დანიელთა რამდენიმე მოთამაშეს „ჰამბურგი“ თუ „ბაიერნი“ ყიდულობდა. თამაშზე ისეთი დამუხტულები გავედით, გასვლაზე 4:1 მოვიგეთ. აი, ასეთი ფსიქოლოგი იყო“, – ამბობს ოთარ გაბელია.