დღეს ზამთრის თასი 2020 იწყება - ჯერ ბავშვები, მერე ლეგენდები
დღეს ზამთრის თასი 2020 იწყება - ჯერ ბავშვები, მერე ლეგენდები

დღეს, ბათუმში „ზამთრის თასი 2020“-ის გათამაშება იწყება. 18-19 იანვარს დავით პეტრიაშვილის სახელობის ტურნირს ბათუმის ახალი სპორტის სასახლე პირველად უმასპინძლებს.

18-19 იანვარს 15-წლამდე ფეხბურთელთა ტურნირის გამარჯვებული გამოვლინდება, ხოლო ლეგენდათა ტურნირის მთავარი პრიზის მფლობელი – 19 იანვარს. ლეგენდებში გათამაშება უკვე მეოთხე წელია იმართება. გასულ წლებში ტურნირის გამარჯვებული საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრები ორჯერ გახდა, 2019 წელს კი – თურქეთის ეროვნული გუნდი.

გულშემატკივარი ლეგენდათა ტურნირს იხილავს. უკვე ტრადიციად ქცეულ ტურნირზე სხვადასხვა თაობის გამორჩეული ფეხბურთელები ითამაშებენ. წლევანდელ გათამაშებაში ზამთრის თასისთვის საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრებთან ერთად ესპანეთის, უკრაინის, თურქეთის, უეფა-ს და ფიფა-ს გუნდები იბრძოლებენ.

„ა“ ჯგუფი – ესპანეთი, უკრაინა, თურქეთი

„ბ“ ჯგუფი – საქართველო, უეფა, ფიფა

საქართველოს ლეგენდების ნაკრები 19 იანვარს 14:00 საათზე უეფ-ას ნაკრებს შეხვდება, ხოლო 16:00 საათზე – ფიფა-ს ნაკრებს. ნახევარფინალური მატჩები 17:00 და 17:40 საათებზე გაიმართება, ხოლო ფინალი – 19:00 საათზე.

ზამთრის თასი 2020-ის ფინალურ შეხვედრას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, დანარჩენ მატჩებს კი შეგიძლიათ თვალი, ჩვენს ონლაინ-პლატფორმაზე ადევნოთ.