დღეს ევროპის ჩემპიონატზე მიშველიძე და შამილიშვილი იასპარეზებენ [ფოტო]
ბათუმის სპორტის სასახლეში მიმდინარე ევროპის ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე დღეს ტურნირში კიდევ ორი ქართველი ჩაერთვება. 61 კილოგრამი წონითი კატეგორიის „ა“ ჯგუფში, რამინ შამილიშვილი და ევროპის მოქმედი ჩემპიონი და მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორი შოთა მიშველიძე არიან. ისინი ფიცარნაგზე 20:30-დან გავლენ და რისი პირდაპირ ეთერში ხილვის საშუალებაც ქართველ გულშემატკივარს საქართველოს მეორე არხის საშუალებით შეეძლება.
შეგახსენებთ რომ გუშინ დაწყებულ ტურნირზე ჯერჯერობით მედლების სამი კომპლექტია გათამაშებული. ვაჟთა შორის საუკეთესოები 55 კილოგრამში გამოვლინდნენ სადაც ორჭიდისა და ატაცის ოქროს მედლები იტალიელ მარკო სკარანტინოს ერგო, აკვრაში კი მას ერთი კილოგრამით ბულგარელმა ანგელ რუსოვმა აჯობა.
თურქი საზაი ერდოღანის ორი ოქროს მედლით დასრულდა ქალთა 45 კილოგრამი წონითი კატეგორიის შეჯიბრი. მეზობელი ქვეყნის წარმომადგენელმა მხოლოდ ერთ დისციპლინაში, აკვრაში დათმო უმაღლესი სინჯის მედალი, რომელიც ბულგარელ ივანა პეტროვას ერგო.
ქალთა შორის, ჩემპიონატის პირველ დღესვე მედლების კიდევ ერთი კომპლექტი 49 კილოგრამში გათამაშდა სადაც რუმინელი ელენა რომანა ანდრიესის ტრიუმფი შედგა. 25 წლის ძალოსანმა ტურნირი სამი ოქროს მედლით დაასრულა. ამავე წონის „ბ“ ჯგუფში იყო ქართველი ხათუნა ჯიმშელეიშვილიც, რომელმაც საბოლოოდ ორჭიდის ჯამში დაფიქსირებული 136 კილოგრამით მე-11 ადგილი დაიკავა.