დეტროიტში, საპროტესტო აქციაზე სროლის შედეგად 19 წლის მამაკაცი გარდაიცვალა
დეტროიტში, საპროტესტო აქციაზე სროლის შედეგად 19 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

მიჩიგანის შტატში, დეტროიტში საპროტესტო აქციის დროს, სროლის შედეგად 19 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ინფორმაციას დეტროიტის პოლიციის დეპარტამენტზე დაყრდნობით „სიენენი“ ავრცელებს.

პოლიციის განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია, იყო თუ არა გარდაცვლილი მამაკაცი საპროტესტო აქციის მონაწილე.

მამაკაცი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

შემთხვევამდე რამდენიმე საათით ადრე, დეტროიტის პოლიციის უფროსმა, ჯეიმს კრეიგმა განაცხადა, რომ ადგილობრივი პოლიცია კრიმინალებს არ მისცემდა საზოგადოებისთვის საფრთხის შექმნის საშუალებას.

დეტროიტში აქცია ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო იმართება. საპროტესტო აქციები აშშ-ის სხვადასხვა ქალაქებში ტარდება. 46 წლის ჯორჯ ფლოიდი მიმდინარე კვირის დასაწყისში მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შედეგად გარდაიცვალა, რასაც ქალაქში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები და არეულობა მოჰყვა. მომხდარის გამოძიების ფარგლებში, უფლებამოსილება პოლიციის ოთხ ოფიცერს შეუჩერდა, რომელთაგან ერთ-ერთი 29 მაისს დააკავეს და მკვლელობაში წაუყენეს ბრალი.