„დალასისა“ და „დეტროიტის“ შეხვედრა უამინდობის გამო გადაიდო
„დალასისა“ და „დეტროიტის“ შეხვედრა უამინდობის გამო გადაიდო

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მიმდინარე რეგულარული სეზონი კორონავირუსის პანდემიის გამო, გარკვეული სირთულეებით მიმდინარეობს. აქამდე, ლიგის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, covid 19-ის პროტოკოლით გათვალისწინებული წესების გამო, უკვე გადაიდო არაერთი შეხვედრა, თუმცა, დღეს „დალასისა“ და „დეტროიტის“ მატჩის ჩაშლის მიზეზი კორონავირუსი არ ყოფილა.

ტეხასში ძლიერი თოვლის გამო საჰაერო სივრცე დაიხურა, დაიხურა აეროპორტები და 4.4 მილიონამდე მოქალაქე რამდენიმე საათის განმავლობაში ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. სწორედ ეს გახდა „მავერიკსისა“ და „პისტონსის“ შეხვედრის გადადების მიზეზი. მატჩი უახლოეს მომავალში ჩატარდება.