ჰოლანდიის პირველი დივიზიონის „დენ ბოსჰი“ მალე შესაძლოა, მალაიზიელების ხელში გადავიდეს – ინფრმაციას ნიდერლანდური გამოცემა „ბი დი“ (BD) ავრცელებს.
საქმე ისაა, რომ 2018 წლის ზაფხულში „დენ ბოსჰის“ მფლობელი 24 წლის კახი ჟორდანია გახდა – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტ მერაბ ჟორდანიას და მაკა ასათიანის ვაჟი.
ოფიციალურად ისაა ცნობილი, რომ კახი ჟორდანია კომპანია „ოილ ენერჯი გრუპის“ დამფუძნებელი და მფლობელია, რომელიც რუსეთის შიდა ბაზარზე ნავთობპროდუქტებით ვაჭრობს.
ქართველმა ნიდერლანდურ კლუბთან კონტრაქტი 2018 წლის 24 ივლისს გააფორმა, რომლის თანახმად, ჟორდანია „დენ ბოსჰის“ აქციების 99.9%-ს მიიღებდა. შეთანხმების ასამოქმედებლად, ხელშეკრულება ნიდერლანდების სამეფო საფეხბურთო კავშირს უნდა დაემტკიცებინა. ჟორდანიამ პირველი დივიზიონის კლუბში 800 ათას ევროზე მეტი ინვესტიცია მანამდეც დააბანდა, თუმცა კავშირმა 2019 წლის ზაფხულში კახი ჟორდანიას „დენ ბოშის“ საკუთრებაში გადაცემაზე უარი განაცხადა და კლუბი იძულებული გახდა, მისი შემცვლელი მოეძებნა, ქართველს კი გადახდილი თანხა უკან აღარ დაუბრუნეს.
BD აგრეთვე წერს, რომ ჟორდანიას კუთვნილი კლუბის აქციების ყიდვის მსურველია მალაიზიური კომპანია Tune Group, რომელიც მდიდარი მალაიზიელი მეწარმეების – ტონი ფერნანდესა და კამარუდინ მერანუნის საკუთრებაა, „ქუინზ პარკ რეინჯერსის“ მფლობელები კი 2011 წლიდან არიან.