დემოკრატები მიიჩნევენ, რომ ტრამპმა პუტინთან შეხვედრისას კატეგორიული და მტკიცე პოზიცია უნდა დააფიქსიროს
ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიულ პარტიაში განაცხადეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას კატეგორიული და მტკიცე პოზიცია უნდა დააფიქსიროს.
ვირჯინიის სენატორი მარკ უორნერი მიიჩნევს, რომ ტრამპმა საერთაშორისო პოლიტიკაში მიმდინარე მძიმე პროცესებთან ერთად, პუტინთან შეხვედრის დროს აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმეზეც უნდა გაამახვილოს ყურადღება. მისი თქმით, თუ ტრამპი პუტინს ამ საკითხთან დაკავშირებით პასუხს არ მოსთხოვს, მაშინ შეხვედრას ყოველგვარი აზრი ეკარგება.
„მე მაშფოთებს, თუ როგორ წარიმართება ეს შეხვედრა, რადგან როცა ისეთ პიროვნებას ხვდები, როგორიცაა ვლადიმერ პუტინი – კაცი 20-წლიანი ავტორიტარული მმართველობის გამოცდილებით, „კა-გე-ბე“-ს ყოფილი აგენტი, შეეცდება ბევრ რამეში მოგატყუოს და ცრუ დაპირება მოგცეს. მე ვშიშობ, ამ შეხვედრით მოგებული თავად პუტინი არ დარჩეს. აუცილებელია, პრეზიდენტმა ტრამპმა სიმტკიცე გამოავლინოს“, – განაცხადა დემოკრატმა სენატორმა მარკ უორნერმა.
დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში 16 ივლისს გაიმართება.