დელ პოტროს ტიტული მექსიკაში
დელ პოტროს ტიტული მექსიკაში

გასულ კვირას ATP500-ის კატეგორიის ორი ტურნირი გაიმართა მამაკაცთა პროფესიულ ტურში.

მექსიკის აკაპულკოში, სადაც ესპანელმა რაფაელ ნადალმა ბოლო მომენტში გადაიფიქრა გამოსვლა, მთავარი პრიზი არგენტინელმა ხუან მარტინ დელ პოტრომ მოიპოვა. ფინალში მან საათსა და 40 წუთში მოუგო სამხრეთაფრიკელ კევინ ანდერსონს – 6:4, 6:4.

არგენტინელმა, რომელიც მეცხრე ადგილზეა მსოფლიო კლასიფიკაციაში, 12 ეისი შეასრულა, თითო სეტში თითო ბრეიკი გააკეთა და არც ერთი ბრეიკ-პოინტის შანსი არ მისცა მეტოქეს. ანდერსონის ანგარიშზე 11 ეისი იყო.

დელ პოტროსთვის ეს იყო კარიერაში 21-ე და ამ სეზონში პირველი ტიტული. მან გზად რეიტინგის TOP10-ის ორი წევრი დაამარცხა – გერმანელი ალექსანდრ ზვერევი და ავსტრიელი დომინიკ ტიმი.

ATP500-ის კიდევ ერთ ტურნირს დუბაიმ უმასპინძლა. აქ ფინალში მეორე და მესამე ნომრებად განთესილები – ფრანგი ლუკ პუიე და ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტი ხვდებოდნენ ერთმანეთს.

საათსა და 22 წუთში ბაუტისტა აგუტმა ცხრიდან სამი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა და 6:3, 6:4 მოიგო. პუიეს ანგარიშზე ერთი ბრეიკი მოდის.

ბაუტისტა აგუტისთვის ეს იყო კარიერაში მერვე და ამ სეზონში მეორე ტიტული.