აშშ-ის ღიას 2018 წლის ფინალისტი ხუან მარტინ დელ პოტრო ვერ მიიღებს მონაწილეობას 2019 წელს ამერიკის ღია პირველობაში. ამის გამო, ის 1200 სარეიტინგო ქულას დაკარგავს.
არგენტინელმა ბოლომდე ვერ შეძლო მტკივანი მუხლის აღდგენა. მამაკაცთა ძირითად ბადეში დელ პოტროს ადგილს დენის კუდლა დაიკავებს, – იტყობინება ამერიკული “სლემის” პრესსამსახური.
ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, დელ პოტრომ 2019 წელს ვერ დაიცვა ტიტულები აკაპულკოსა და ინდიან უელსში, გამოტოვა “დიდი სლემის” სამი ტურნირი და მონაწილეობა მიიღო მხოლოდ როლან გაროსში, სადაც მერვედფინალამდე მივიდა.
ამერიკის ღია პირველობა ყველაზე წარმატებული ტურნირია დელ პოტროსთვის “დიდი სლემის” ჩემპონატებიდან. 2009 წელს, მან აქ ტიტული მოიპოვა, შარშან კი ფინალი დათმო ნოვაკ ჯოკოვიჩთან.