დეიან სტანოიევიჩი - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებში საინტერესო მომავალი დავინახე
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. გუნდის ყოფილი ხელმძღვანელი რევაზ ჩომახიძე საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრებთან იმუშავებს. ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს კი, რომელსაც ჰოლანდიაში ტოკიოს ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირი ელის, სათავეში დეიან სტანოიევიჩი ჩაუდგა. რომელმაც დეკემბერში თბილისის „დინამოც“ ჩაიბარა. სერბმა მწვრთნელმა საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ფედერაციასთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მთავარი მიზანიც საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებში მოხვედრაა.
სტანოიევიჩი ნოვი სადის „ვოივოდინაში“ თამაშობდა, იყო სერბეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელის თანაშემწე, 2011 წლის 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ამ ბალკანური ქვეყნის ნაკრებს უხელმძღვანელა და გუნდს ჩემპიონობა მოაპოვებინა. 2014-2018 წლებში რუმინეთის წყალბურთელთა ეროვნული გუნდის მწვრთნელი იყო, რომელმაც მისი ხელმძღვანელობით უნგრეთში გამართულ 2014 წლის ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფში საქართველოს ნაკრები 11:6 დაამარცხა. 2018-2020 წლებში ყაზახეთის ნაკრებს ავარჯიშებდა და 2019 წელს მსოფლიოს ლიგაზე მე-7, ხოლო მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-14 ადგილზე გაიყვანა.
გუნდის სერბი სპეციალისტი დეიან სტანოიევიჩი უკვე თბლისშია და საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულ ნაკრებთან ვარჯიშს შეუდგა. ჩვენი გუნდი წელს პირველად ითამაშებს ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირზე, რომელიც თებერვალში გაიმართება. მანამდე კი ნაკრები 16 იანვარს გერმანიაში გაემგზავრება, სადაც საკონტროლო შეხვედრას ჩაატარებს.
საქართველოს პირველი არხი გაესაუბრა ეროვნული ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელს, რომელმაც თავის გეგმებსა და გუნდთან დაკავშირებულ იმედებზე ილაპარაკა.
– როდესაც საქართველოდან დამიკავშირდნენ და ნაკრების ჩაბარება შემომთავაზეს, გუნდს გადავხედე, პოტენციალი შევისწავლე და საინტერესო მომავალი დავინახე. გუნდში გამოცდილი წყალბურთელებიც არიან და ძალიან დიდი პოტენციალის მქონე ახალგაზრდებიც. ორი გეგმა შევადგინეთ – ახლო და შორეულ პერსპექტივაზე გათვლილი.
– გეგმები რას გულისხმობს?
– პირველი გეგმა ჰოლანდიაში სალიცენზიო ტურნირს ეხება და ჩვენი მიზანია, რომ ოლიმპიადის საგზურისთვის ვიბრძოლოთ. მეორე და ხანგრძლივი მიზანი საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებისთვის კარგად მომზადება და ფინალურ ეტაპზე მოხვედრაა.
– ჰოლანდიის სალიცენზიო ტურნირამდე ნაკრების გასაძლიერებლად რომელიმე წყალბურთელის დამატება ხომ არ მოხერხდება?
– ახლა ელაჩა, ბარალდი და ვაპენსკი დაგვეხმარებიან, მაგრამ ცუდი ისაა, რომ ჯერ ნაკრებში სარიჩი და ვასიჩი ვერ ითამაშებენ. ისინი საქართველოს სახელით გამოსვლის უფლებას მხოლოდ სექტემბრისთვის მიიღებენ. ასე რომ, ახლა მხოლოდ იმათ დავეყრდნობით, ვისაც ნაკრებში აქამდე უთამაშია.