ევროპის ჩემპიონატი წყალბურთში | საქართველოს ნაკრები დღეს გერმანიას შეხვდება - პირდაპირი რეპორტაჟი პირველ არხზე #1TVSPORT
ევროპის ჩემპიონატი წყალბურთში | საქართველოს ნაკრები დღეს გერმანიას შეხვდება - პირდაპირი რეპორტაჟი პირველ არხზე #1TVSPORT

ხორვატიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები დღეს, 13 იანვარს 9-12 ადგილებისთვის შეხვედრაში გერმანიას შეხვდება. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ქართველმა წყალბურთელებმა კონტინენტის პირველობის ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩი წააგეს, ასევე მერვედფინალური ეტაპის შეხვედრა რუმინეთთან და ბრძოლას ტურნირზე 9-12 ადგილებისთვის აგრძელებენ.

ევროპის ჩემპიონატი წელს განახლებული ფორმატით ტარდება. 16 ნაკრები ორ დივიზიონში, ოთხგუნდიან ჯგუფებში გადანაწილდა. საქართველო A დივიზიონის B ჯგუფში იტალიის, უნგრეთისა და საბერძნეთის ნაკრებთან ერთად მოხვდა. A ჯგუფში კი ხორვატია, ესპანეთი, საფრანგეთი და მონტენეგრო თამაშობდნენ.

B დივიზიონი

C ჯგუფი: სერბეთი, გერმანია, ისრაელი, მალტა

D ჯგუფი: რუმინეთი, ნიდერლანდები, სლოვენია, სლოვაკეთი.

ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ A დივიზიონის ჯგუფების ორ-ორი საუკეთესო პირდაპირ მეოთხედფინალში გავიდა, მესამე-მეოთხე ადგილზე გასულმა გუნდებმა (საქართველო, საფრანგეთი, საბერძნეთი, მონტენეგრო) კი მეორე დივიზიონის ჯგუფების პირველ-მეორეადგილოსნებთან დარჩენილი ოთხი მეოთხედფინალისტის ვინაობა გაარკვიეს.

მეტოქე | გერმანიის ნაკრები

ამჟამად საერთაშორისო წყალბურთის ფედერაციის რეიტინგში გერმანიის ნაკრები მე-13 ადგილზეა. ჩვენი დღევანდელი მეტოქე ოლიმპიურ თამაშებზე 17-ჯერ გამოჩნდა, ხოლო საუკეთესო შედეგი 1928 წლის ოლიმპიადაზე ჰქონდა, სადაც ჩემპიონი გახდა.

მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიას 16-ჯერ უთამაშია, 1982 წელს ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატს, კონტინენტის პირველობაზე გერმანელებმა 31-ჯერ იასპარეზეს, ხოლო 1981 და 1989 წელს ჩემპიონები გახდნენ.

ურთიერთშეხვედრები

2016 წლიდან საქართველოსა და გერმანიის წყალბურთის ნაკრებებმა ერთმანეთთან ოთხჯერ ითამაშეს და ყველა შეხვედრა გერმანიამ მოიგო. 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე გერმანიას სწორედ მეცხრე ადგილისთვის მატჩში შევხვდით და დაძაბულ მატჩში 8:9 წავაგეთ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

სანდრო ადეიშვილი, ბესარიონ ახვლედიანი, ანდრია ბითაძე, ვალიკო დადვანი, არტიომ ძიხტიარენკა, რევაზ იმნაიშვილი, ხვიჩა ჯახაია, მარკო ელაჩა, ბექა კაპანაძე, გიორგი მაგრაქველიძე, სტეფან პიეშივაცი, ირაკლი რაზმაძე, ნიკა შუშიაშვილი, საბა ტყეშელაშვილი, დუშან ვასიჩი.

თუ საქართველოს ეროვნული გუნდი გერმანიას დაამარცხებს, შემდეგ მეცხრე ადგილისთვის საფრანგეთსა და ნიდერლანდებს შორის გამარჯვებულს შეხვდება, ხოლო თუ წააგებს, მე-11 ადგილისთვის მათ შორის დამარცხებულს დაუპირისპირდება.