ევროპის ჩემპიონატი წყალბურთში | საქართველოს ნაკრები მერვედფინალურ ეტაპზე დღეს რუმინეთს შეხვდება - პირდაპირი რეპორტაჟი პირველ არხზე #1TVSPORT
ევროპის ჩემპიონატი წყალბურთში | საქართველოს ნაკრები მერვედფინალურ ეტაპზე დღეს რუმინეთს შეხვდება - პირდაპირი რეპორტაჟი პირველ არხზე #1TVSPORT

ხორვატიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები დღეს, 11 იანვარს მერვედფინალური ეტაპის შეხვედრაში რუმინეთის ნაკრებს ეთამაშება. მატჩი 22:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ქართველმა წყალბურთელებმა კონტინენტის პირველობის ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩი წააგეს, იტალიასთან (5:22), უნგრეთთან (11:15) და საბერძნეთთან (9:18).

ევროპის ჩემპიონატი წელს განახლებული ფორმატით ტარდება. 16 ნაკრები ორ დივიზიონში, ოთხგუნდიან ჯგუფებში გადანაწილდა. საქართველო A დივიზიონის B ჯგუფში იტალიის, უნგრეთისა და საბერძნეთის ნაკრებთან ერთად მოხვდა. A ჯგუფში კი ხორვატია, ესპანეთი, საფრანგეთი და მონტენეგრო თამაშობდნენ.

B დივიზიონი

C ჯგუფი: სერბეთი, გერმანია, ისრაელი, მალტა

D ჯგუფი: რუმინეთი, ნიდერლანდები, სლოვენია, სლოვაკეთი.

ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ A დივიზიონის ჯგუფების ორ-ორი საუკეთესო პირდაპირ მეოთხედფინალში გავიდა, მესამე-მეოთხე ადგილზე გასული გუნდები (საქართველო, საფრანგეთი, საბერძნეთი, მონტენეგრო) კი მეორე დივიზიონის ჯგუფების პირველ-მეორეადგილოსნებთან არკვევენ დარჩენილი ოთხი მეოთხედფინალისტის ვინაობას.

მეტოქე | რუმინეთის ნაკრები

ამჟამად საერთაშორისო წყალბურთის ფედერაციის რეიტინგში რუმინეთის ნაკრები მე-17 ადგილზეა. ჩვენი დღევანდელი მეტოქე ოლიმპიურ თამაშებზე ცხრაჯერ გამოჩნდა, ხოლო საუკეთესო შედეგი 1976 წლის მონრეალის ოლიმპიადაზე ჰქონდა – მეოთხე ადგილი.

მსოფლიო ჩემპიონატზე რუმინეთს 11-ჯერ უთამაშია, საუკეთესო შედეგი 1975 წელს აჩვენა – მეხუთე ადგილი.

რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატს, აქაც რუმინეთის წყალბურთელთა ნაკრების საუკეთესო შედეგი მეოთხე ადგილია (1993, 2006).

ურთიერთშეხვედრები

2014 წლიდან საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებები ერთმანეთს ექვსჯერ შეხვდნენ. რუმინელებმა ოთხჯერ გაიმარჯვეს, ერთი მატჩი საქართველომ მოიგო (6:5, 2016 წელს), ხოლო ერთი შეხვედრა ფრედ დასრულდა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

სანდრო ადეიშვილი, ბესარიონ ახვლედიანი, ანდრია ბითაძე, ვალიკო დადვანი, არტიომ ძიხტიარენკა, რევაზ იმნაიშვილი, ხვიჩა ჯახაია, მარკო ელაჩა, ბექა კაპანაძე, გიორგი მაგრაქველიძე, სტეფან პიეშივაცი, ირაკლი რაზმაძე, ნიკა შუშიაშვილი, საბა ტყეშელაშვილი, დუშან ვასიჩი.