დედოფლისწყაროში, „ფრონტერას“ ნავთობბაზასთან კომპანიის ყოფილი თანამშრომლები აქციას მართავენ
დედოფლისწყაროში მდებარე ნავთობმომპოვებელი კომპანია „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას“ ნავთობბაზასთან კომპანიის ყოფილი თანამშრომლები არიან შეკრებილი და ნავთობმზიდ სატვირთო მანქანებს შესვლის საშუალებას არ აძლევენ.
„ფრონტერას“ აქ არსებული ნავთობი სავარაუდოდ გაყიდული აქვს და ახლა იმ სხვა კომპანიას სურს, რომ წაიღოს. ჩვენ ამის წინააღმდეგი ვართ და კანონის ფარგლებში ვმოქმედებთ, ვიდრე ჩვენს კუთვნილ 11 თვის ხელფასს არ მოგვცემენ“, – აცხადებენ შეკრებილები.
ნავთობბაზასთან ორ საათზე მეტია, 30 ტონის ტევადობის ორი ავტომანქანა დატვირთვას ელოდება. მძღოლები ამბობენ, რომ ისინი შპს „ბოკას“ მიერ დაქირავებულები არიან და ნავთობის ტრანსპორტირებისთვის ჩამოვიდნენ.
კომპანიის თანამშრომლები შექმნილ სიტუაციას კომპანიის დირექტორის, ზაზა მამულაიშვილის უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას უკავშირებენ და მის გათავისუფლებას ითხოვენ. ასევე, ხელისუფლებას, კერძოდ კი ეკონომიკის სამინისტროს ქმედით დახმარებას და საკითხში დაუყოვნებლივ ჩართვას სთხოვენ.
„ჩვენ მხოლოდ ვსუნთქავთ, უკიდურესად მძიმეა ჩვენი ეკონომიური მდგომარეობა, ბანკის ვალები გვაქვს, სახლებს გვიყიდიან. ახლა კი იქეთ გვითვლიან მუქარას, რომ ჩვენი გაფიცვის გამო, კომპანია დაზარალდა და ხელფასებიდან ზარალის თანხას ჩამოგვაჭრიან“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები, რომლებიც დაშლას არ აპირებენ, ვიდრე სატვირთო მანქანები ტერიტორიას არ დატოვებენ.