დებიუტი ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაში - აბუაშვილმა „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ ითამაშა #1TVSPORT
დებიუტი ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაში - აბუაშვილმა „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ ითამაშა #1TVSPORT

გიგი აბუაშვილმა სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე, რომელშიც 19-წლამდელთა გუნდები თამაშობენ. 18 წლის ქართველი თავდამსხმელი პორტუგალიური გრანდის, „პორტუს“ ფორმით მადრიდის „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ გამოჩნდა.

ეს იყო „ბ“ ჯგუფის ბოლო, მე-6 ტურის შეხვედრა. საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელი პორტუგალიური გუნდის განაცხადში იყო, მოედანზე კი 82-ე წუთზე დიოგუ აბრეუს ნაცვლად შევიდა. აბუაშვილი „პორტუს“ 19-წლამდელთა გუნდის ფორმით ტურნირზე პირველად გამოჩნდა.

ახალგაზრდული ლიგის პლეიოფში გასასვლელად „პორტუს“ საკუთარ მოედანზე მადრიდის „ატლეტიკოსთან” ფრეც ხელს აძლევდა, მაგრამ პორტუგალიელები 1:2 დამარცხდნენ, „ბ“ ჯგუფში 10 ქულით მესამე ადგილი დაიკავეს და „პორტუ“ ლიგას გამოეთიშა. მადრიდის „ატლეტიკომაც“ 10 ქულა დააგროვა, მაგრამ ბურთების უკეთესი სხვაობით (9:6 პორტუგალიელთა 8:9-ის წინააღმდეგ) მეორეზე გავიდა. ჯგუფში პირველზე „ლივერპულია“ (11 ქულა), ბოლო ადგილი კი „მილანის“ 19-წლამდელებმა (2 ქულა) დაიკავეს.

გიგი აბუაშვილი „პორტუში“ თბილისის „დინამოდან“ ივნისში გადავიდა და გუნდთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამ მატჩამდე აბუაშვილმა პორტუგალიის 19-წლამდე ჩემპიონატის მე-16 ტურში გაიბრწყინა და „ოლივერენსესთან“ დუბლი შეასრულა.

2019 წელს აბუაშვილი კაპიტნობდა საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებს, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე პორტუგალიელ თანატოლებთან 0:0 ითამაშა. აბუაშვილი (სიმაღლე 175 სმ) „პორტუში” 47-ნომრიანი მაისურით თამაშობს.