დავით ზალკალიანი - საქართველოს კომუნიკაცია აქვს ევროპელ პარტნიორებთან, რათა ე.წ. ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიაზე ადეკვატური რეაგირება მოახდინონ
დავით ზალკალიანი - საქართველოს კომუნიკაცია აქვს ევროპელ პარტნიორებთან, რათა ე.წ. ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიაზე ადეკვატური რეაგირება მოახდინონ

საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატის დავით ზალკალიანის განცხადებით, როგორც კი მზად იქნება ე.წ. ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია, მთავრობა ამ სიას წარადგენს.

სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, ოპოზიციონერი დეპუტატი გიორგი კანდელაკი დაინტერესდა, მუშაობს თუ არა ქართული მხარე ევროკავშირთან ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის გაზიარების საკითხზე.

ზალკალიანის თქმით, საქართველოს კომუნიკაცია აქვს ევროპელ პარტნიორებთან, რათა მათ აღნიშნულ სიაზე ადეკვატური რეაგირება მოახდინონ.

მთავრობას ე.წ. ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია 15 ივნისამდე უნდა წარედგინა, თუმცა სამთავრობო ცვლილებების გამო, სია ამ დრომდე არ წარუდგენიათ.

საქართველოს პარლამენტში დღეს მთავრობის წევრობის კანდიდატებს უსმენენ.

მინისტრობის კანდიდატების მოსმენის გრაფიკი საქართველოს პარლამენტის ბიუროს გუშინდელ სხდომაზე დამტკიცდა.

20 ივნისს კი ქუთაისში გაიმართება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელებს. პარლამენტმა საქართველოს პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე მოთხოვნა უკვე გაუგზავნა.

საქართველოს პარლამენტს ნდობის მისაღებად მთავრობის შემადგენლობა ოფიციალურად გუშინ წარედგინა.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, მთავრობის შემადგენლობა სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ შეიცვლება. მისივე თქმით, სტრუქტურული რეფორმების ფარგლებში სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება. ამასთან, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, ცვლილებები ექვს სამინისტროს შეეხება.