დავით ზალკალიანი - საგარეო პრიორიტეტები, რომელიც გაცხადებულია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაა
დავით ზალკალიანი - საგარეო პრიორიტეტები, რომელიც გაცხადებულია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაა

საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატის, დავით ზალკალიანის განცხადებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის გადასაწყვეტია, იქნება თუ არა საგარეო უწყების ხელმძღვანელად წარდგენილი მთავრობის განახლებულ შემადგენლობაში.

როგორც ჟურნალისტებს ზალკანიანმა განუცხადა, საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან წასვლის თაობაზე უკვე ყოფილმა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ პირადი გადაწყვეტილება მიიღო და განმარტებაც გააკეთა.

„ერთად ვიმუშავეთ და ჩვენ საგარეო ურთიერთობათა მიმართულებით მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები გვქონდა. მინდა,  შემდგომ საქმიანობაში მას წარმატება ვისურვო. საგარეო პრიორიტეტები, რომელიც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ გაცხადებულია, არის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია. ეს ისტორიული არჩევანია, რაც გაკეთებულია ქართველი ხალხის მიერ და გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციითა და პარლამენტის მიერ 2016 წელს მიღებული რეზოლუციით, რომელიც საგარეო კურსს ეხება“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მისი თქმით, ქვეყნის  ევროპული და ევროატლანტიკური კურსი შეუქცევადია, იმ ცვალებად და დინამიურ გარემოში, რომელიც რეგიონში ჩამოყალიბდა.

„საქართველო ცდილობს, თავისი ადგილი დაიმკვიდროს და მინიმუმამდე დავიყვანოთ საფრთხეები და გამოწვევები, რომელიც არსებობს, რათა ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარება და უსაფრთხოება არის უმთავრესი, რაზეც უნდა იზრუნოს მთავრობამ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ“, – განაცხადა ზალკანიანმა.

მინისტრობის კანდიდატებს  პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომებზე უსმენენ.