დავით ზალკალიანი - მინდა, დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს ნატო-ს სამიტზე ხელშესახები შედეგები ექნება
დავით ზალკალიანი - მინდა, დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს ნატო-ს სამიტზე ხელშესახები შედეგები ექნება

საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატის დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს ბრიუსელის ნატო-ს სამიტზე ხელშესახები შედეგები ექნება.

სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი დაინტერესდა, ნატო-ს სამიტის წინ, საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან წასვლა რა გავლენას მოახდენს ქვეყნის ამოცანებზე.

ზალკალიანის თქმით, ბრიუსელის სამიტი ისტორიულია, რადგან ნატო-საქართველოს კომისიის დაფუძნებიდან ათი წელი გადის. მინისტრობის კანდიდატი ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანია, ნატო-ს სამიტი საქართველოსთვის ხელშესახები შედეგებით დასრულდეს.

როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, ყველა შეხვედრა და ფორმატი იქნება გამოყენებული იმისთვის, რომ სამიტის გადაწყვეტილებაში საქართველოში არსებული რეალობა ადეკვატურად იყოს ასახული.

„მინდა, დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს ნატო-ს სამიტზე ხელშესახები შედეგები ექნება”, – განაცხადა ზალკალიანმა.

საქართველოს პარლამენტში დღეს მთავრობის წევრობის კანდიდატებს უსმენენ.

მინისტრობის კანდიდატების მოსმენის გრაფიკი საქართველოს პარლამენტის ბიუროს გუშინდელ სხდომაზე დამტკიცდა.

20 ივნისს კი ქუთაისში გაიმართება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელებს. პარლამენტმა საქართველოს პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე მოთხოვნა უკვე გაუგზავნა.

საქართველოს პარლამენტს ნდობის მისაღებად მთავრობის შემადგენლობა ოფიციალურად გუშინ წარედგინა.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, მთავრობის შემადგენლობა სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ შეიცვლება. მისივე თქმით, სტრუქტურული რეფორმების ფარგლებში სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება. ამასთან, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, ცვლილებები ექვს სამინისტროს შეეხება.