დავით ზალკალიანი - მოლოდინი გვაქვს, რომ ნატო-ს ბრიუსელის სამიტზე საქართველოს პროგრესი ასახული იქნება
დავით ზალკალიანი - მოლოდინი გვაქვს, რომ ნატო-ს ბრიუსელის სამიტზე საქართველოს პროგრესი ასახული იქნება

საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატის დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველო ნატო-ს ბრიუსელის სამიტისთვის აქტიურად ემზადება.

როგორც სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ზალკალიანმა განაცხადა, პარტნიორები აღიარებენ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს.

მისი თქმით, მაისში, ნატო-ში სამიტის მოსამზადებელ ბოლო შეხვედრაზე იმყოფებოდა, სადაც საქართველოში გატარებულ რეფორმებზე ხანრგძლივი დისკუსია გაიმართა.

ზალკალიანის აზრით, ქართულ მხარეს მოლოდინი აქვს, რომ ბრიუსელის სამიტზე საქართველოს პროგრესი ასახული იქნება და ქვეყანა სხვადასხვა ფორმატში მონაწილეობას მიიღებს.

ამასთან, ზალკალიანი ამბობს, რომ საქართველოს ნატო-ს მიმართ წინადადებები ჰქონდა შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით.

საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს საგარეო ურთიერთობათა, დიასპორისა და ევროინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე უსმენენ.

საქართველოს პარლამენტში დღეს მთავრობის წევრობის კანდიდატებს უსმენენ.

მინისტრობის კანდიდატების მოსმენის გრაფიკი საქართველოს პარლამენტის ბიუროს გუშინდელ სხდომაზე დამტკიცდა.

20 ივნისს კი ქუთაისში გაიმართება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელებს. პარლამენტმა საქართველოს პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე მოთხოვნა უკვე გაუგზავნა.

საქართველოს პარლამენტს ნდობის მისაღებად მთავრობის შემადგენლობა ოფიციალურად გუშინ წარედგინა.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, მთავრობის შემადგენლობა სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ შეიცვლება. მისივე თქმით, სტრუქტურული რეფორმების ფარგლებში სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება. ამასთან, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, ცვლილებები ექვს სამინისტროს შეეხება.