დავით ზალკალიანი - გაერო-ში გამართული დისკუსია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო მუდმივად არის საერთაშორისო თანამეგობრობის პოლიტიკურ დღის წესრიგში
დავით ზალკალიანი - გაერო-ში გამართული დისკუსია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო მუდმივად არის საერთაშორისო თანამეგობრობის პოლიტიკურ დღის წესრიგში

გუშინდელი დისკუსია და მათი მკაფიო განცხადებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო და მისი ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი მუდმივად არის საერთაშორისო თანამეგობრობის პოლიტიკურ დღის წესრიგში, – ასე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გაერო-ს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე საქართველოს შესახებ მსჯელობას.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა პარტნიორ ქვეყნებს მადლობა გადაუხადა საქართველოსადმი გამოხატული მხარდაჭერისთვის.

„მინდა, მადლიერება გამოვხატო ჩვენი პარტნიორების მიმართ, იმ ქვეყნების წარმომადგენლების მიმართ, რომლებიც უშიშროების საბჭოში არიან და მათი ინიცირებით, ჩვენთან აქტიური თანამშრომლობით, გაერო-ს უშიშროების საბჭოს ფორმატში ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ იმსჯელეს. ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენ ძალიან აქტიურად ვიყენებთ გაერო-ს უშიშროების საბჭოს ფორმატს, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობებში უმაღლეს ტრიბუნას წარმოადგენს.

გუშინდელი დისკუსია და მათი მკაფიო განცხადებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო და მისი ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი მუდმივად არის საერთაშორისო თანამეგობრობის პოლიტიკურ დღის წესრიგში. მინდა, ეს ქვეყნები კიდევ ერთხელ ჩამოვთვალო: ესტონეთი, ბელგია, საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, აშშ, ირლანდია და ნორვეგია. სწორედ ამ ქვეყნების დელეგაციების ინიცირებით, ჩვენთან უშუალოდ თანამშრომლობით, მოხდა საკითხის განხილვა და გაკეთდა ძალიან მკაფიო განცხადებები, რუსეთის ფედერაციის მიმართ გაკეთდა მოწოდება, რომ  2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაუყოვნებლივი იმპლემენტაცია მოხდეს“, – განაცხადა ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველო კვლავაც გააგრძელებს მაღალი ტრიბუნის გამოყენებას იმისათვის, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები საერთაშორისო დღის წესრიგში იყოს.

„საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა კიდევ ერთხელ იყო მხარდაჭერილი, კიდევ ერთხელ იყო საუბარი იმ მძიმე ჰუმანიტარულ სიტუაციაზე, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზეა შექმნილი. საუბარი იყო ასევე დეზინფორმაციულ კამპანიაზე, რომელიც პანდემიის პერიოდში წარიმართა, კერძოდ, ლუგარის ლაბორატორიასთან მიმართებით, და კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მიუღებელია“, – განაცხადა ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, 5 აგვისტოს გამართულ გაერო-ს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ საქართველოში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს. სხდომის შემდეგ, საქართველოსთან დაკავშირებით ბელგიის, ესტონეთის, საფრანგეთის, გერმანიის, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, ნორვეგიისა და ირლანდიის ერთობლივი განცხადება გავრცელდა, რასაც მოგვიანებით, აღნიშნული 8 ქვეყნის წარმომადგენლების მხრიდან სოციალურ ქსელში, საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები მოჰყვა.

დატოვე კომენტარი