დავით ზალკალიანი - დარწმუნებული ვარ, მოზარდის გარდაცვალების საქმეზე ყველა კითხვას გაეცემა პასუხი
დავით ზალკალიანი - დარწმუნებული ვარ, მოზარდის გარდაცვალების საქმეზე ყველა კითხვას გაეცემა პასუხი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 15 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

საგარეო საქმეთა მინისტრი დარწმუნებულია, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ყველა კითხვას გაეცემა პასუხი.

„მინდა, მივუსამძიმრო ოჯახს და ჩემი გულწრფელი წუხილი გამოვთქვა ამ ფაქტთან დაკავშირებით. სამწუხარო ფაქტია. დარწმუნებული ვარ, შესაბამისი რეაგირება აუცილებლად იქნება და ეს უკვე დაწყებულია. შსს-მ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება იმ გამომძიებლებთან დაკავშირებით, რომლებიც უშუალოდ აწარმოებდნენ ამ პროცესს. ასევე ჩართულია დამოუკიდებელი ინსპექტორის ოფისი და დარწმუნებული ვარ, ყველა შეკითხვას გაეცემა პასუხი“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდი საავადმყოფოში გუშინ გარდაიცვალა.

მოზარდმა თვითმკვლელობა 12 დეკემბერს სცადა. შემთხვევა დიღმის მასივში მოხდა. ამას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. როგორც ადვოკატი აცხადებს, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველები მოზარდს ხულიგნობის აღიარებას სთხოვდნენ.

პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო.

15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს.