დავით უსუფაშვილი - მმართველ გუნდში ვიღაც მიხვდა, რომ სუპერთვითდამაზიანებელ განცხადებებს აკეთებდნენ
დავით უსუფაშვილი - მმართველ გუნდში ვიღაც მიხვდა, რომ სუპერთვითდამაზიანებელ განცხადებებს აკეთებდნენ

მმართველ გუნდში ვიღაც მიხვდა, რომ ბოლო დღეებში სუპერთვითდამაზიანებელ განცხადებებს აკეთებდნენ, – ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა სოზარ სუბარის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

„გვითხრეს, ჩვენ არ გვჭირდება ავტორიტეტული პრეზიდენტი, ამიტომ არ შევარჩიეთ არავინ ჩვენი გუნდიდან, ვეძებთ ვინმე ისეთს, ვინც არ იქნება ძლიერი, წონიანი ფიგურა, შესაბამისად სასახლეშიც სხვაგან უნდა წავიყვანოთ, რომ პრეზიდენტზე ქვეყანაში ზედმეტი წარმოდგენები არ იყოსო.  მიხვდა ვიღაც, რომ ეს არის სუპერთვითდამაზიანებელი მათთვის და სუპერდამაზიანებელი მათი რჩეული კანდიდატისთვის. ახლა ამ თემის მიფუჩეჩებას და სხვა თემების წინ წამოწევას ცდილობენ“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, საქართველოს კონსტიტუციით პრეზიდენტს პარლამენტის თავმჯდომარესთან შედარებით, 10-ჯერ უფრო მეტი უფლებამოსილება და პოლიტიკური წონა აქვს.

„ის სახელმწიფოს მეთაურია და აქ პარლამენტის თავმჯდომარეზე ვსაუბრობთ. თუ ამ კრიტერიუმებით ავწონ-დავწონით და ვიტყვით, რომ პრეზიდენტს პირველ სართულზე უნდა მივუჩინოთ ადგილი, მაშინ დიახ, პარლამენტის თავმჯდომარეს მინუს მესამეზე ეკუთვნის. ამის მიღება პერსონალურ ან ინსტიტუციის შეურაცხყოფად სრულიად მიუღებელია. ეს არის მხოლოდ თემის გადაფარვის მცდელობა, რადგან ძირითად კითხვებზე, რაც მე ხელისუფლების მიმართ დავსვი, პასუხები არ აქვთ. ამიტომაც აღნიშნულ თემაზე ხმაური ატეხეს“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა, სოზარ სუბარმა დღეს განაცხადა, რომ დავით უსუფაშვილი, მიუხედავად იმისა, რომ „რესპუბლიკური პარტია“ დატოვა, ვიწრო პარტიული გადასახედიდან უყურებს ყველაფერს, მათ შორის ინსტიტუტებსაც. სუბარი ამ განცხადებით დავით უსუფაშვილის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც უსუფაშფილმა აღნიშნა, რომ „ადმინისტრაციულ-სახელისუფლებო წონის მიხედვით თუ განვსაზღვრავთ, პარლამენტის თავმჯდომარე მინუს მესამე სართულზე უნდა განვალაგოთ“.