დავით უსუფაშვილი - ადმინისტრაციულ-სახელისუფლებო წონის მიხედვით თუ განვსაზღვრავთ, პარლამენტის თავმჯდომარე მინუს მესამე სართულზე უნდა განვალაგოთ
დავით უსუფაშვილი - ადმინისტრაციულ-სახელისუფლებო წონის მიხედვით თუ განვსაზღვრავთ, პარლამენტის თავმჯდომარე მინუს მესამე სართულზე უნდა განვალაგოთ

ადმინისტრაციულ-სახელისუფლებო წონის მიხედვით თუ განვსაზღვრავთ, პარლამენტის თავმჯდომარე მინუს მესამე სართულზე უნდა განვალაგოთ, – ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

საქართველო საპარლამენტო ქვეყანაა კონსტიტუციით განსაზღვრული და იქ ის წერია, რომ მტკვრის რომელ სანაპიროზე უნდა იჯდეს პრეზიდენტი? პრეზიდენტი ათონელზე იქნება თუ ავლაბარში, ესაა მნიშვნელოვანი საპარლამენტო მოდელისთვის თუ ის, რომ პარლამენტი ქუთაისში რომაა და მთავრობა თბილისში“ – აღნიშნა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, საპარლამენტო მოდელში მთავრობა და პარლამენტი პრაქტიკულად ერთ შენობაში მუშაობენ.

„აი, 23 აგვისტოს ქალბატონი მერკელი ჩამობრძანდება თბილისში. მას ჰკითხონ პირადად, გერმანიის კანცლერი გერმანიის პარლამენტში საპარლამენტო რესპუბლიკაში რამდენ დღეს და რამდენ საათს ატარებს პარლამენტის შენობაში და მისი მინისტრები რამდენ დროს ატარებენ იქ. თუ საქართველოს მთავრობა საპარლამენტო მოდელის დარად იმუშავებს, მაშინ ქუთაისში უნდა გადასახლდეს მთავრობა ან პარლამენტი უნდა გადმოვიდეს თბილისში. ამას არ აკეთებენ და მტკვრის მარჯვენა თუ მარცხენა ნაპირზე იქნება პრეზიდენტი თურმე ეს ყოფილა საპარლამენტო მოდელისთვის მნიშვნელოვანი თემა. იმავე გერმანიაში პრეზიდენტად აირჩიეს მერკელის პირველი მოადგილე, საგარეო საქმეთა მინისტრი ბატონი შტაინმაიერი ანუ ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და გამორჩეული პოლიტიკური ფიგურა. თუ საპარლამენტო მოდელზე ვსაუბრობთ. გადავიხედოთ იმ ევროპაში და დავინახავთ, რამხელა როლი ენიჭება სახელმწიფოს მეთაურ პრეზიდენტებს. ანუ ეს რაღაც ძალიან პერსონალურ გაღიზიანებას აყოლილი ადამიანების კომენტარები დიდ სახელმწიფოებრივ თემებზე ძალიან კომიკურად გამოყურება, მეტი რომ არ ვთქვა“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

დავით უსუფაშვილის თქმით, პირადად ის მხარს უჭერს, რომ პრეზიდენტი ათონელზე მდებარე სასახლეში გადავიდეს, თუმცა არა იმიტომ, რომ ეს თანამდებობა კონსტიტუციურად სუსტია.

„იგივეა სასახლის ზომებთან დაკავშირებით, რომ აი რამდენად წონიანია ადმინისტრაციულად, კონსტიტუციურად ძალაუფლება დიდი აქვს თუ პატარა აქვს ამის მიხედვით განისაზღვროს, ვინ სად უნდა იჯდეს. მეც 2012 წლიდან მოყოლებული მხარს ვუჭერ, რომ პრეზიდენტი ათონელზე განთავსდეს და იმ ავლაბრის შენობაში საქართველოს რესპუბლიკის სასახლე მოაწყონ, სადაც ჩვენი სახელმწიფოებრიობა 18-21 წლების და დღემდე იქნება ასახული და პრეზიდენტები და პრემიერები მიუხედავად მათი ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულებისა რეალურ დროში ერთად იქნებიან ჩამოკიდებული ერთ შენობაში, ერთ კედელზე და ეს იქნება ჩვენი საერთო სახელმწიფოებრიობა. ამას მეც ვუჭერ მხარს, მაგრამ არა იმიტომ, რომ პრეზიდენტი იმდენად კონსტიტუციურად სუსტია, რომ აუცილებლად სადმე ორსართულიან შენობაში უნდა იყოს“, – აღნიშნა უსუფაშვილმა.

„შენების მოძრაობის“ ლიდერის თქმით, სახელმწოფო თანამდებობის პირთაგან პარლამენტის თავმჯდომარე ყველაზე სუსტი ფიგურაა თავისი უფლებამოსილებით და ამ ლოგიკით მას კაბინეტი მინუს მესამე სართულზე ეკუთვნის.

„თუ ამ გზას გავყვებით და ამ სტანდარტს, სახელმწიფოს სამი თანამდებობის პირიდან – პრემიერი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, პარლამენტის თავმჯდომარე არის სუსტი კი არა უსუსტესი. ჩახედავთ კონსტიტუციას და პრეზიდენტს რაღაცა უფლებები აქვს – მოქალაქეობის მინიჭება, შეწყალება, იქ რაღაცის წარდგენა, კანონის ხელის მოწერა და ასე შემდეგ. პარლამენტის თავმჯდომარეს ერთპიროვნულად შეუძლია მხოლოდ საკუთარი თანაშემწეების დანიშვნა ან ვინმე დეპუტატის მივლინებაში გაშვება ან არგაშვება, ერთპიროვნულად სხვას ვერაფერს წყვეტს. ის არის სხდომის გამძღოლი. მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე სარდაფში, მინუს მესამე სართულზე უნდა განვალაგოთ თავისი პერსონალური ადმინისტრაციულ- სახელისუფლებო წონით. ეს ხომ არასერიოზული დამოკიდებულებაა და არგუმენტების ძებნა იმ ტიპის საკითხში, სადაც უფრო რაღაცა პერსონალური გაღიზიანების გამო მიდიან ადამიანები რაღაც პოზიციებამდე“, – განაცხდა დავით უსუფაშვილმა.

კითხვაზე, ცდილობს თუ არა მმართველი გუნდი პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებას, უსუფაშვილი აცხადებს, რომ მის შეფასებაზე ნათლად თავად მმართველი გუნდის წევრების განცხადებები მეტყველებენ.

„გუშინ სპიკერმა, ვიცე-სპიკერმა, სხვებმაც პირდაპირ გვითხრეს, რომ დიახ, ჩვენ საკუთარი პოლიტიკური ლიდერებიდან ანუ მაღალი წონის ხალხიდან არავინ დავასახელეთ, რათა ილუზია არ გაჩნდეს ქვეყანაში, რომ ეს მნიშვნელოვანი თანამდებობაა, ამიტომ ვეძებთ უფრო დაბალი რანგის, ნაკლებად წონიან, ნაკლებ მნიშვნელოვან, ნაკლებ ავტორიტეტიან, ვიდრე ჩვენ თავად ვართო, ასეთ ადამიანს, რომ პრეზიდენტად მხარი დავუჭიროთ და ეს რას ნიშნავს, ამაზე საზოგადოებამ გააკეთოს შეფასება“, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.