სოზარი სუბარი - დავით უსუფაშვილი, მიუხედავად იმისა, რომ „რესპუბლიკური პარტია“ დატოვა, ვიწრო პარტიული გადასახედიდან უყურებს ყველაფერს
სოზარი სუბარი - დავით უსუფაშვილი, მიუხედავად იმისა, რომ „რესპუბლიკური პარტია“ დატოვა, ვიწრო პარტიული გადასახედიდან უყურებს ყველაფერს

დავით უსუფაშვილი, მიუხედავად იმისა, რომ „რესპუბლიკური პარტია“ დატოვა, ვიწრო პარტიული გადასახედიდან უყურებს ყველაფერს, მათ შორის ინსტიტუტებსაც, – ასე გამოეხმაურა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი სოზარ სუბარი „შენების მოძრაობის ლიდერის“, საპრეზიდენტო კანდიდატის, დავით უსუფაშვილის განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარესთან დაკავშირებით.

სუბარის განცხადებით, უხერხულია, როდესაც პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, საკანონმდებლო ორგანოს ამჟამინდელ თავმჯდომარეზე ასეთ განცხადებას აკეთებს.

„ამით ის ურტყამს ინსტიტუტს და არა პიროვნებას და პირველ რიგში, ურტყამს საკუთარ თავს და ღირსებას. მახსენდება ბიძინა ივანიშვილის გამოთქმა, ადრე თქვა „რესპუბლიკურ პარტიაზე“, რომ ვერასდროს ვერ ამაღლდნენ ისინი სახელმწიფოებრივ დონეზე, პარტიით იწყება და მთავრდება მათი მსოფლმხედველობა, მათი ინტერესი. ამ ჩარჩოში დარჩა დავით უსუფაშვილიც, ვერ გამოვიდა „რესპუბლიკელობიდან“ ამ თვალსაზრისით. მიუხედავად იმისა, რომ პარტია დატოვა, ვიწრო პარტიული გადასახედიდან უყურებს ყველაფერს, მათ შორის ინსტიტუტებსაც“, – განაცხადა სუბარმა.

მისი განმარტებით, როდესაც საქართველო ჩამოყალიბდა საპარლამენტო რესპუბლიკად, დღეს პარლამენტის თავმჯდომარეობა წამყვანი თანამდებობაა, პარლამენტი კი, არის წამყვანი ინსტიტუტი, რომელიც განაპირობებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას, აყალიბებს მთავრობას და იღებს კანონებს.

„ეს არის ინსტიტუციურად ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ორგანო. დღეს, როდესაც დავით უსუფაშვილი ურტყამს პარლამენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს, ამით ის ცდილობს, პარლამენტის როლი დააკნინოს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

დავით უსუფაშვილმა განცხადება გუშინ გააკეთა და აღნიშნა, რომ „ადმინისტრაციულ-სახელისუფლებო წონის მიხედვით თუ განვსაზღვრავთ, პარლამენტის თავმჯდომარე მინუს მესამე სართულზე უნდა განვალაგოთ“.