დავით სერგეენკო სოციალურ მუშაკებს ხვდება
დავით სერგეენკო სოციალურ მუშაკებს ხვდება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინიტრი დავით სეერგენკო გაფიცულ სოციალურ მუშაკებს ხვდება. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.

სოციალური მუშაკების განცხადებით, ძირითადი მოთხოვნაა მათ შორის გარკვეული ბიუროკრატიის ჩამოშორება, ხელფასების გაზრდა და ტრანსპორტით უზრუნველყოფა. მათი განცხადებით, ამ პრობლემების მოგვარებას ითხოვენ ჯანდაცვის მინისტრისგან.

„არის გაურკვევლობა და რიგი საკითხები, რაც ეხება სოციალური მუშაკისთვის ნაწილი სამუშაოს ჩამოშორებას, რაც არ არის მუშაკის კომპეტენციაში. ეს საკითხები დასაზუსტებელია. გვინდა, გავიგოთ, რა აქვთ დასახული, გარდა ოთხი პუნქტისა. 22 პუნქტიდან დავაყენეთ ხუთი მოთხოვნა. იმის ილუზია არ გვაქვს, რომ ეს 22 საკითხი გადაწყდება მოკლე ვადებში, ამიტომ ვითხოვთ, რაც არის გრძელვადიანი, მომავალი წლის ბიუჯეტში იყოს გაწერილი. დაიწეროს ამაზე სამოქმედო გეგმა და მითითებული იქნეს ვადები“, – განაცხადა ვაკე-საბურთალოს სერვისცენტრის სოციალურმა მუშაკმა ნინო კუჭავამ.

სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებულმა სოციალურმა მუშაკებმა, რომლებიც 25 მარტს მთელი საქართველოს მასშტაბით გაიფიცნენ, დღეს პრესკონფერენცია გამართეს და განაცხადეს, რომ მათთვის მიუღებელია ჯანდაცვის სამინისტროს ოთხპუნქტიანი გეგმა, რომელშიც სამინისტრო მოუწოდებს გაფიცულ სოციალურ მუშაკებს, სამოქმედო გეგმის შემუშავებაში ჩაერთონ.

საქართველოს პირველმა არხმა ჯანდაცვის სამინისტროდან 4-პუნქტიანი გეგმის შესახებ ინფორმაცია გუშინ გამოითხოვა.

25 მარტიდან 250 სოციალური მუშაკიდან 180 გაიფიცა. გაფიცვის პარალელურად, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში ისინი საპროტესტო აქციებსაც მართავენ.