დავით სერგეენკო - სამინისტროების გაერთიანების საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს
დავით სერგეენკო - სამინისტროების გაერთიანების საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს

სამინისტროების გაერთიანების საკითხზე, რა თქმა უნდა, კონსულტაციები მიმდინარეობს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა დავით სერგეენკომ პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ცალსახად პრემიერის პრეროგატივაა, საზოგადოებას მოახსენოს, რა ცვლილებები იგეგმება და რა იქნება ამ ცვლილებების დადებითი მხარეები.

„ძირითადად მოქმედი მთავრობა იქნება წარდგენილი, რომ შემდეგ პრემიერ-მინისტრს საშუალება მიეცეს, უკვე ახალი მთავრობა დააკომპლექტოს. რაც შეეხება სამინისტროების გაერთიანებებს, რა თქმა უნდა, კონსულტაციები მიმდინარეობს, თუმცა ეს ცალსახად პრემიერის პრეროგატივაა, რომ მან მოახსენოს საზოგადოებას, კონკრეტულად რა ცვლილებები მოხდება და ამ ცვლილებების დადებითი მხარეები დაასაბუთოს“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

საქართველოს პარლამენტში დღეს მთავრობის წევრობის კანდიდატებს მოუსმენენ.

მინისტრობის კანდიდატების მოსმენის გრაფიკი საქართველოს პარლამენტის ბიუროს გუშინდელ სხდომაზე დამტკიცდა.

20 ივნისს კი ქუთაისში გაიმართება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელებს. პარლამენტმა საქართველოს პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე მოთხოვნა უკვე გაუგზავნა.

საქართველოს პარლამენტს ნდობის მისაღებად მთავრობის შემადგენლობა ოფიციალურად გუშინ წარედგინა.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, მთავრობის შემადგენლობა სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ შეიცვლება. მისივე თქმით, სტრუქტურული რეფორმების ფარგლებში სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება. ამასთან, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, ცვლილებები ექვს სამინისტროს შეეხება.