დავით სერგეენკო აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვის მდგომარეობას გაეცნო
დავით სერგეენკო აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვის მდგომარეობას გაეცნო

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო იაშვილის კლინიკაში თბილისში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვის მდგომარეობას გაეცნო.

როგორც დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია.

„იაშვილის კლინიკაში გუშინ ​შემოვიდა ექვსი პაციენტი. ხუთი უკვე გაეწერა დილით. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მკურნალობას აგრძელებს ერთი პაციენტი, რომელსაც ჰქონდა ჭრილობა, დასჭირდა ქირურგიული ოპერაცია. ახლა ბავშვი სტაბილურად არის. ყველა საჭირო დახმარება, კონსულტაცია და კვლევა მას მიღებული აქვს და გააგრძელებს კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნას. მჯერა, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქრება“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ასევე მოინახულებს ღუდუშაურის კლინიკაში მოთავსებულ ორსულს.

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩა N8-ში მდებარე კორპუსიდან, რომელშიც წუხელ აფეთქება მოხდა, დღეს ღუდუშაურის კლინიკაში ორსული ქალი გადაიყვანეს.

აფეთქება თბილისში, დიდ დიღომში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში გუშინ საღამოს მოხდა. შემთხვევის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა, დაშავდა რვა. ექვსი მცირეწლოვნიდან საავადმყოფოში ამ დროისთვის მხოლოდ ერთი რჩება.  კლინიკა ასევე დატოვა ორმა ზრდასრულმა პირმაც, რომლებიც შემთხვევის შედეგად დაშავდნენ. დაზარალებულები თბილისის მერიამ სასტუმროებში დააბინავა. პირველადი ვერსიით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.