დავით მუჯირი - ეს სტადიონები ევრო 2023-ის შემდეგ ქვეყანაში ფეხბურთის განვითარებას შეუწყობს ხელს #1TVSPORT
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა კომენტარი გააკეთა საქართველოში მიმდინარე საფეხბურთო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.
თბილისის შემდეგ სფფ-ს წარმომადგენლებმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, ირაკლი ქარსელაძესთან ერთად, ევრო 2023-ისთვის მიმდინარე პროექტები ქუთაისსა და ბათუმში მოინახულეს.
„21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით საქართველო უეფას 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ტურნირისთვის მზადების ფარგლებში 11 ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს. მადლობა საქართველოს მთავრობას, ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მუნიციპალური განვითარების ფონდს მხარდაჭერისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ის მემკვიდრეობა, რომელიც ტურნირის შემდეგ დარჩება საქართველოში და ხელს შეუწყობს ქვეყანაში ფეხბურთის განვითარებას.
მინდა, წარმატება ვუსურვო ჩვენს ნაკრებს, რომელიც პირველად ითამაშებს ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე. გახსნით მატჩში პაიჭაძის სტადიონზე პორტუგალიას დავუპირისპირდებით და იმედი მაქვს, რომ პლეი ოფში უკვე ქუთაისსა და ბათუმში იქნება ჩვენი ნაკრების თამაშები.
მინდა, გულშემატკივარს მოვუწოდო მაქსიმალური ჩართულობისკენ. ათასზე მეტი ახალგაზრდა, რომელიც ჩართული იქნება ტურნირის საორგანიზაციო საქმიანობაში, საერთაშორისო გამოცდილებას მიიღებს. ქვეყნისთვის დიდი მონაპოვარია ამ ჩემპიონატის მასპინძლობა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა დასამახსოვრებელი და სანიმუშო ტურნირის მასპინძლები ვიყოთ“, – ამბობს დავით მუჯირი.
უეფას 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 10 ობიექტს: თბილისის მესხის და პაიჭაძის სტადიონებს, ქუთაისის შენგელიას არენას და საწვრთნელ სტადიონებს თბილისში, წყალტუბოში, ქობულეთსსა და ბათუმში.
სტადიონების სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შეასრულა, რისთვისაც 100 მილიონი ლარი საქართველოს მთავრობამ გამოყო. სამუშაოები უეფა-ს ჩართულობითა და მონიტორინგით მიმდინარეობდა.
ჩატარებული სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოების ფარგლებში ბალახის ახალი საფარი მოეწყო 11 მოედანზე, მოეწყო 6 სტადიონის განათების სისტემა, დამონტაჟდა გახმოვანების ახალი სისტემები, ახალი სკამები, ლედ სარეკლამო კედლები და სხვა.