დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილ წევრებს პოლიტიკური მოცემულობა ახალი ფრაქციის შექმნას კარნახობს
დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილ წევრებს პოლიტიკური მოცემულობა ახალი ფრაქციის შექმნას კარნახობს

„ქართული ოცნება” როგორც ერთიანი მონოლითური ძალა, 2020 წელს აუცილებლად წარდგება ჩვენი ამომრჩევლის წინაშე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

„2020 წელს რა იქნება, ამაზე ახლა ნამდვილად ვერ გესაუბრებით. ერთი რაც შემიძლია გითხრათ, რომ „ქართული ოცნება” როგორც ერთიანი მონოლითური ძალა, აუცილებლად წარდგება ჩვენი ამომრჩევლის წინაშე. ველოდები, რომ „ქართული ოცნება” სიმყარეს შეინარჩუნებს და 2020 წლამდე მყარი უმრავლესობა ექნება”, – განაცხადა მათიკაშვილმა.

რაც შეეხება რამდენიმე დეპუტატის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების საკითხს, როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, მისმა ყოფილმა თანაგუნდელებმა გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღეს.

„თითოეული დეპუტატი თავის გადაწყვეტილებაში არის თავისუფალი და მათ გადაწყვეტილება თავისუფლად მიიღეს. ჩვენ კი, იმ დღის წესრიგით ვიმოქმედებთ, რა დღის წესრიგიც უმრავლესობას აქვს,” – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

დეპუტატი გუნდის დატოვების შემდეგ ეკა ბესელიას მიერ ახალი ფრაქციის შესაძლო შექმნასაც გამოეხმაუარა და აღნიშნა, რომ პოლიტიკური მოცემულობა ყოფილ თანაგუნდელებს სწორედ ასეთი ნაბიჯის გადადგმას კარნახობს.

„ეკა ბესელია უმრავლესობიდან რამდენიმე კაცთან ერთად გავიდა. შესაბამისად, პოლიტიკური მოცემულობა ალბათ იმას კარნახობს, რომ ასეთი ნაბიჯები გადადგან. ხვალ და ზეგ რა იქნება, ამას შევხედავთ. პოლიტიკა ის სფეროა, სადაც მუდმივი მოკავშირეები და მუდმივი მოწინააღმდეგეები არ არსებობენ. დღევანდელი მოცემულობა არის ის, რომ ბესელია და რამდენიმე მისი თანამოაზრე უმრავლესობას ემიჯნება და ქმნიან ახალ პოლიტიკურ გუნდს,” – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა, გედევან ფოფხაძემ, ბექა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა უკვე დატოვეს.

დღეს კი ცნობილი გახდა, რომ უმრავლესობა შესაძლოა დატოვონ ფრაქცია ,,სოციალ-დემოკრატების” თავმჯდომარემ გია ჟორჟოლიანმა და ფრაქციის კიდევ რამდენიმე წევრმა.

ბესელია არ გამორიცხავს, რომ პარლამენტში ახალი ფრაქცია და პოლიტიკური ჯგუფი შეიქმნას. მისი თქმით, პოლიტიკური ჯგუფი პირველ ეტაპზე თემატურად გაერთიანდება.