დეპუტატი გია ჟორჟოლიანი და მისი ფრაქციის რამდენიმე წევრი საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას გეგმავენ 
დეპუტატი გია ჟორჟოლიანი და მისი ფრაქციის რამდენიმე წევრი საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას გეგმავენ 

დეპუტატი, ფრაქცია „ქართული ოცნება-სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი საპარლამენტო უმრავლესობას დატოვებას აპირებს. ამის შესახებ ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, უმრავლესობის დატოვებას ფრაქციის სხვა წევრებიც გეგმავენ.

„ისედაც ვფიქრობდით არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობას,  მაგრამ  ეს პროცესი შესაძლოა, უფრო  დაჩქარდეს და უფრო ადრე დავტოვოთ უმრავლესობა“, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა „ქართული ოცნების“ ლიდერთან,  ბიძინა ივანივილთან შეხვედრის შემდეგ.

შეხვედრა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესა და სოციალ-დემოკრატების ლიდერს შორის დღეს დილით შედგა. როგორც გია ჟორჟოლიანი ამბობს, „სოციალ-დემოკრატების“ გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობს დატოვების შესახებ  ბიძინა ივანიშვლისთვის ახალი არ ყოფილა და ამ თემებზე მანამდეც საუბრობდნენ.

„ბიძინა ივანიშვილს დღეს არ გაუგია ეს ამბავი, უკვე დიდი ხანია ჩვენ ამაზე ვსაბრობთ. მივწერეთ მთავრობასაც, ბიძინა ივანიშვილთანაც არაერთხელ მქონია ამაზე საუბარი. მე გავაცანი და მან გაიგო ჩვენი პოზიცია. არც მე ვარ ბავშვი და არც ბიძინა ივანიშვილი“, – აღნიშნა გია ჟორჟოლიანმა.

როგორც დეპუტატი ამბობს, მათი პოზიცია  სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებსა და საგადასახადო პოლიტიკას უკავშირდება, რასთან დაკავშირებითაც „სოციალ-დემოკრატებს“ რამდენიმე ინიცატივა ჰქონდთ, თუმცა არც ერთი არ იქნა გაზიარებული. ჟორჟოლიანის თქმით, უახლოეს ხანებში  ისინი პარლამენტს კიდევ რამდენიმე ინიციატივით მიმართავენ, თუმცა ნაკლებად  აქვს მხარდაჭერის მოლოდინი, რაც უმრავლსობიდან „სოციალ-დემოკრატების“ გასვლას დააჩქარებს.

„დიდი მოლოდნი, რომ ეს საკითხები მხარდაჭერას მოიპოვებს, არ მაქვს. სავარაუდოდ, მივალთ იქამდე, რომ ჩვენს რესურსს ამოვწურავთ უმრავლესობაში და დამოუკიდებელ მოქმედებას დავიწყებთ“, – აღნიშნა გია ჟორჟოლიანმა.

მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობიდან „სოციალ-დემოკრატების“ გასვლა  მხოლოდ ფუნდამენტურ სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებს უკავშირდება და არა კონკრეტული პერსონებით უკმაყოფილებას.

„ჩვენი დამოკიდებულებები არ არის პერსონალური,  რომ ეს კაცი მომწონს, ეს არ მომწონს, ამის გამონათქვამი, იმის გამონათქვამი და ა.შ. ჩვენ ვსაუბრობთ სერიოზულ საკითხებზე.  ის, რაც  გითხარით, არის ფუნდამენტური ცვლილება ჩვენს პოლიტიკაში, ამან ადამიანების ცხოვრება უნდა შეცვალოს. ეს არის სერიოზული საკითხები. მთელ მსოფლიოში აღნიშნული საკითხები დგას და ჩვენთან არავის აინტერესებს, გარდა ერთმანეთთან კინკლაობის პრობლემატიკისა. ეს რომ დავასრულოთ, მარტო ამიტომ გავდივართ უმრავლესობიდან, რათა  ეს საკითხები გავხადოთ მთავარი“, – აღნიშნა  გია ჟორჟოლიანმა.

ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობა და ფრაქცია „ქართული ოცნება-სოციალ-დემოკრატები“ დეპუტატმა, ბექა ნაცვლიშვილმაც დატოვა, აღნიშნულ გადაწყვეტილებას დეპუტატი საპენსიო რეფორმის შესახებ მის მიერ მომზადებული კანონპროექტის კენჭისყრაზე ჩავარდნას უკავშირებს.