ეკა ბესელია არ გამორიცხავს, რომ პარლამენტში ახალი ფრაქცია შეიქმნას
ეკა ბესელია არ გამორიცხავს, რომ პარლამენტში ახალი ფრაქცია შეიქმნას

დეპუტატი ეკა ბესელია არ გამორიცხავს, რომ პარლამენტში ახალი ფრაქცია და პოლიტიკური ჯგუფი შეიქმნას. მისივე თქმით, პოლიტიკური ჯგუფი პირველ ეტაპზე თემატურად გაერთიანდება.

„ახალ პოლიტიკურ პლატფორმაზე ვფიქრობ. თანამოაზრეებთან კონსულტაციები გვექნება. კონსულტაციებს დღეიდან დავიწყებ, რაც პირველ რიგში, გულისხმობს გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელიც პირველ ეტაპზე თემატურად გაერთიანება.

თემატურად ჩვენ შეგვიძლია, მათ შორის „სოციალ-დემოკრატებთან“ და გია ჟორჟოლიანთანაც ვითანამშროლოთ. არ გამოვრიცხავთ, ეს მალე მოხდეს. ​შეიძლება, პარლამენტში ახალი ფრაქცია ვიხილოთ და ახალი პოლიტიკური ჯგუფი შეიქმნას. ჯერ ფრაქციაზეა საუბარი. უმცირესობა დაიშლება, როგორც კი ერთი დეპუტატი გამოვა უმრავლესობიდან. ეს უმცირესობას ავტომატურად დაშლის. ახალი უმცირესობა როდის შეიქმნება არ ვიცი“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ეკა ბესელიამ დეპუტატ გედევან ფოფხაძის მიერ მმართველი გუნდის დატოვებაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ მისი გადაწყვეტილება არავის გაუკვირდა. ეკა ბესელიას განცხადებით, ფოფხაძის გადაწყვეტილება იყო ყველაზე დროული იმ თემასთან დაკავშირებით, როგორიცაა მართლმსაჯულების რეფორმა.

„გედევან ფოფხაძის გადაწყვეტილება ალბათ არავის გაუკვირდა. ის პროტესტს ყველაზე ადრე გამოთქვამდა, ვიდრე მაგალითად, მე მივიღებდი გადაწყვეტილებას. ეს იყო ლოგიკური გადაწყვეტილება და ცხადია, დღეს ასეთი ნაბიჯი ყველაზე დროული და სწორი რეაქციაა იმ მოვლენების მიმართ, რაც დღეს ხდება ყველაზე მნიშვნელოვან თემასთან დაკავშირებით, როგორიც არის მართლმსაჯულების რეფორმა. ის ადამიანები, ისევე როგორც მე, რომლებიც ფიქრობენ, რომ პარტიის შიგნით პრობლემების გადაწყვეტის ყველა რესურსი ამოწურა, წასვლის გადაწყვეტილება მივიღეთ. ვინც ფიქრობს, რომ ჯერ კიდევ დიალოგის შესაძლებლობაა, ალბათ ისინი ამაზე მოგვიანებით დაფიქრდებიან“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ბესელია აცხადებს, რომ გედევან ფოფხაძის გარდა, საპარლამენტო უმრავლესობა შესაძლოა, სხვა დეპუტატებმაც დატოვონ.

„არ მგონია, რომ გედევანი იყოს ბოლო. ალბათ სხვა კოლეგებიც იქნებიან, რომლებიც უმრავლესობიდან გასვლის გადაწყვეტილებას მიიღებენ. ღიმილით ვისმენ ხოლმე ვერსიებს, რომ ჩვენი წასვლა ხელოვნურად შექმნილი ალტერნატიული პროექტია. იმას, რასაც ხელოვნურად ქმნიან, ცილს არ სწამებენ, არ ებრძვიან აკრძალული მეთოდებით. ამიტომ ვერსია, რომ ეს პროექტი შექმნილია, ქარწყლდება.

მე იმ ადამიანებისგან კი არ წავედი, ვინც „ქართულ ოცნებას“ გზადაგზა შემოუერთდა, მე სწორედ მისი მთავარი დამფუძნებლისგან და პარტიის თავმჯდომარისგან წავედი. ჩემი მიზანი არჩევნები და პარლამენტში ყოფნა არ არის. ჩემი მიზანია ისეთი ხელისუფლება იყოს ქვეყანაში, რომელსაც მართლმსაჯულების რეფორმა ზუსტად ისე ესმის, როგორც მე. ამ მიზნის მისაღწევად არის საჭირო ცვლილებები“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

საპარლამენტო უმრავლესობა უკვე დატოვეს ეკა ბესელიამ, ბექა ნაცვლიშვილმა, ლევან გოგიჩაიშვილმა და გედევან ფოფხაძემ.

დღეს კი ცნობილი გახდა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა შესაძლოა დატოვონ ფრაქცია „სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარემ გია ჟორჟოლიანმა და ფრაქციის კიდევ რამდენიმე წევრმა.