დავით კირკიტაძე - უსამართლობას არ უნდა შევეგუოთ, გნებავთ, ავტობუსი დაგიყენონ წინ, გნებავთ, ეროვნული ბანკი და ეკონომიკის სამინისტრო
დავით კირკიტაძე - უსამართლობას არ უნდა შევეგუოთ, გნებავთ, ავტობუსი დაგიყენონ წინ, გნებავთ, ეროვნული ბანკი და ეკონომიკის სამინისტრო

უსამართლობას არ უნდა შევეგუოთ, გნებავთ, ავტობუსი დაგიყენონ წინ, გნებავთ, ეროვნული ბანკი და ეკონომიკის სამინისტრო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით კირკიტაძემ პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

დავით კირკიტაძემ მისი მხარდაჭერისთვის ყველას მადლობა გადაუხადა.

„უღრმესი მადლობა უნდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც ამ თვეების განმავლობაში მხარდაჭერა გამომიჩინეს, ჩემს გვერდით იდგნენ და მე ეს ძალიან მამხნევებდა. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ უსამართლობას არ უნდა შევეგუოთ. გნებავთ, ავტობუსი დაგიყენონ წინ, გნებავთ, ეროვნული ბანკი და გნებავთ, ეკონომიკის სამინისტრო, უსამართლობას არ უნდა შევეგუოთ“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.

დავით კირკიტაძის თქმით, 2018 წლის 16 დეკემბერს გურჯაანში, ველისციხესთან მისი მიზანი მხოლოდ გზის გათავისუფლება იყო.

„ის კონკრეტული ინციდენტი, რომელიც მოხდა 16 დეკემბერს, მთელმა საქართველომ იხილა, რაც მოხდა და ჩემი მოქმედება იყო ერთადერთი მიზნისკენ მიმართული, რათა გზა გამეთავისუფლებინა მომიტინგეებისთვის და მიმეცა საშუალება თელავში ჩასულიყო ის ხალხი, რომელიც მიდიოდა ყველაზე უსამართლო არჩევნების გასაპროტესტებლად. შსს-მ უკანონოდ აღგვიკვეთა ჩვენი კონსტიტუციური უფლება, გადაადგილების უფლება, მიუხედავად ამისა, მაინც მე გულწრფელად, ადამიანურად ძალიან ვწუხდი, რომ დაპირისპირება მოხდა ჩემსა და პოლიციელს შორის, რადგან ჩვენ, პოლიციელის პრესტიჟზე ძალიან ვზრუნავთ, განსხვავებით იმ ადამიანებისგან, რომლებიც პოლიციას აყენებენ იმ მდგომარეობაში, რომ საზოგადოებასთან დაპირისპირებაში შევიდნენ. ბოლოს ეს არაერთხელ ვიხილეთ. პირადად ჩემი და ჩვენი პატივისცემა კიდევ ერთხელ მინდა დავუდასტურო რიგით პოლიციელებს და არა მათ უფროსებს, რომლებიც მათ ამ უხერხულ მდგომარეობაში აგდებენ“, – აღნიშნა დავით კირკიტაძემ.

რაც შეეხება დანარჩენ კითხვებს, დავით კირკიტაძემ არ უპასუხა, თუმცა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე ნებისმიერ ეთერში ისაუბრებს.

„ექვსი თვეა ოჯახში არ ვყოფილვარ. მზად ვარ თითოეულ თქვენგანთან მოვიდე ეთერში და ამ საკითხზე ვისაუბრო“, – აღნიშნა დავით კირკიტაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე სასამართლოს დარბაზიდან დღეს გათავისუფლდა. დავით კირკიტაძემ დღევანდელ სხდომაზე ბრალი აღიარა და მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა.

დავით კირკიტაძე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის, მოსამართლის განჩინებით 17 დეკემბერს დააკავეს.