დავით კირკიტაძე - არ ვაპირებ, კრიმინალ გახარიას დავემორჩილო, თუ ჩვენება მაქვს მისაცემი, ამას სასამართლოში გავაკეთებ
დავით კირკიტაძე - არ ვაპირებ, კრიმინალ გახარიას დავემორჩილო, თუ ჩვენება მაქვს მისაცემი, ამას სასამართლოში გავაკეთებ

თუ ჩვენება მაქვს მისაცემი, ამას სასამართლოში გავაკეთებ, მას შემდეგ, რაც დააკავებენ ზონდერებს, ვინც შეგვიზღუდეს პროტესტი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით კირკიტაძემ განაცხადა.

როგორც კირკიტაძე აცხადებს, არ აპირებს გამოძიებასთან თანამშრომლობას და დაბარების შემთხვევაში მხოლოდ სასამართლოში მისცემს ჩვენებას.

„არ ვაპირებ კრიმინალ გახარიას დავემორჩილო და სადმე მივიდე. თუ ჩვენება მაქვს მისაცემი, ამას სასამართლოში გავაკეთებ, მას შემდეგ, რაც დააკავებენ ზონდერებს, ვინც შეგვიზღუდეს პროტესტი. ვიდეოში აშკარად ჩანს პოლიციამ შეგვიზღუდა გადაადგილების უფლება. ჩვენ გვქონდა სატრანსპორტო საშუალებების გაწევის მცდელობა, რათა გზა გაგვეგრძელებინა. ჩანს, რომ პოლიციელები გვაყენებენ ფიზიკურ შეურაცხყოფას. ჩანს, ვინ დაიწყო ჩხუბი, პროვოკაცია და ეგ კადრები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რა ტიპის სამართალდამცავებთან გვაქვს საქმე. მოგიწოდებთ, უყუროთ თავიდან ბოლომდე და ჩანს ვინ ჩაგვიხერგა გზა”, – განაცხადა კირკიტაძემ.

კირკიტაძე გუშინ გურჯაანში, ველისციხესთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებაში მონაწილეობდა. როგორც პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ველისციხეში აქციაზე სამართალდამცველზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ ვინც ნახა, დავით კირკიტაძე გუშინ რა მოქმედებებს ახორციელებდა, გასაკვირი არ უნდა იყოს, რატომ დაინტერესდა გამოძიება მისით.