დავით კერესელიძე - სტივ კინს შეუძლია სერიოზული საფუძველი ჩაუყაროს „ტორპედოს“ წარმატებას #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედოს“ახალი მთავარი მწვრთნელის, სტივ კინის წარდგენისას გუნდის პრეზიდენტმა, დავით კერესელიძემ ამბიციურ გეგმებზე ისაუბრა.
„ჩვენი ახალი მწვრთნელის, სტივ კინის იმედი გვაქვს, რადგან მას აქვს ცოდნა, მაღალ დონეზე მუშაობის გამოცდილება და ახალგაზრდა ნიჭიერი მოთამაშეების აღმოჩენის უნარი. ბრიტანული სამყაროს შემოსვლით „ტორპედო“ გაძლიერდება და განვითარების ახალ საფეხურზე გადავა. მოლაპარაკება შვიდი ქვეყნის 12 მწვრთნელთან გვქონდა და სტივ კინი ავირჩიეთ, რადგან მიმაჩნია, რომ შოტლანდიურ ხასიათი ქუთაისურს მოუხდება. მას კარგად ეხერხება ახალგაზრდებთან მუშაობა და მათი დაწინაურება.
კინთან ორწლიანი კონტრაქტი გავაფორმეთ და ის „ტორპედოს“ განვითარებაში უნდა დაგვეხმაროს. ქართულ ფეხბურთს უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლა სჭირდება. იმედი გვაქვს, რომ მას შეუძლია სერიოზული საფუძველი ჩაუყაროს გუნდის ისეთ წარმატებას, რომ „ტორპედოს“ გულშემატკივრები ჰყავდეს არა მხოლოდ ქუთაისში, არამედ საქართველოს სხვა ქალაქებშიც, მათ შორის თბილისში და ასევე უცხოეთშიც. სხვათა შორის, სტივმა საკუთარი სურვილით ვალდებულება აიღო, რომ ხელფასის ნახევარს აიღებს მანამ, სანამ „ტორპედოს“ კონფერენსლიგის ჯგუფში არ შეიყვანს და გუნდს ჩემპიონობამდე არ მიიყვანს.
კახა ჩხეტიანმა „ტორპედოსთან“ ერთად წარმატებას მიაღწია როგორ ფეხბურთელმა და როგორც მწვრთნელმა. მან „ტორპედოს“ განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა. კახა „ტორპედოს“ ისტორიის ნაწილი და ჩვენთვის დასაფასებელი ადამიანია. ქუთაისმა სხვა ქართველი მწვრთნელი არ მიიღო და მესამე შეხვედრის შემდეგ ობსტრუქცია მოუწყო. კახა ამიტომ დავაბრუნეთ გუნდში.
მაგრამ ხვალინდელი „ტორპედოს“ სტრატეგიული განვითარების გეგმა გაძლიერებას და საერთაშორისო დონეზე წარმატებული კლუბის მშენებლობას გულისხმობს. „ტორპედო“ უნდა განვითარდეს, გვაქვს სურვილი, ლეგიონერები ჩამოვიყვანოთ. სავარაუდოდ, ფეხბურთელების იმ ნაწილს დავემშვიდობებით, ვინც ჩვენს მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს. თუ დონე არ ავწიეთ, ქართულ ფეხბურთს არაფერი ეშველება“, – განაცხადა დავით კერესელიძემ.