„ტორპედომ“ ნორვეგიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი დაიმატა #1TVSPORT
„ტორპედომ“ ნორვეგიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი დაიმატა #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედომ“, რომელიც ახალი სეზონისთვის თურქეთში ემზადება, საინტერესო ტრანსფერი განახორციელა – საქართველოს თასის მფლობელმა ნორვეგიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, 32 წლის ბიორნ იონსენი დაიმატა. კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი 1+1 სისტემით გაფორმდა, – ინფორმაციას „ტორპედოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

იონსენმა საფეხბურთო კარიერა ნორვეგიაში დაიწყო და ორი სეზონი „ვალერენგასა“ და „ტონსბერგში“ გაატარა.

2014 წლის 17 ივლისს პორტუგალიურ კლუბ „ატლეტიკოსთან“ გააფორმა კონტრაქტი და აგვისტოში სეგუნდა ლიგის თვის საუკეთესო მოთამაშე გახდა (5 მატჩში 9 გოლი გაიტანა). ამის შემდეგ ფეხბურთელით „ბენფიკა“ და „სპორტინგი“ დაინტერესდნენ, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა. პორტუგალიური პრესის თანახმად, „ბენფიკა“ „ატლეტიკოს“ 300 ათას ევროს და ორ მოთამაშეს სთავაზობდა, მაგრამ „ატლეტიკომ“ შეთავაზება უარყო.

ნორვეგიელ ფორვარდს ნიდერლანდების ერედივიზიეში 69 მატჩში 28 გოლი აქვს გატანილი. ნიდერლანდებში იონსენი „დენ ჰააგის“, „ალკმაარისა“ და ბოლოს (2022-23 წლებში) „კამბურის“ ღირსებას იცავდა.

2016-2017 წლებში თამაშობდა „ჰართსში“, სადაც შოტლანდიური პრემიერლიგის სეზონი 6 გოლით დაასრულა. იყო „როსენბორგისა“ (2019 წელი) და „მონრეალის“ (2021-22) მოთამაშე.

2020 წელს იონსენი სამხრეთ კორეის „ულსან ჰიუნდაისთან“ ერთად ქვეყნის ჩემპიონი და თასის მფლობელი გახდა. ასევე მოიგო აზიის ჩემპიონთა ლიგა, სადაც 9 თამაშში 5 გოლი გაიტანა.

ორმაგი მოქალაქეობის გამო შეეძლო ეთამაშა როგორც ნორვეგიის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებში. მან არჩევანი ნორვეგიის სასარგებლოდ გააკეთა – ნაკრებში მისი დებიუტი 2017 წლის ივნისში შედგა და ერლინგ ჰალანდის გვერდითაც ითამაშა.

„ტორპედოს“ ახალწვეულმა ნორვეგიის ეროვნულ ნაკრებში 16 მატჩი ჩაატარა და ხუთი გოლი გაიტანა.