დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულები დაზუსტებულ ბრალს არ ეთანხმებიან
დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულები დაზუსტებულ ბრალს არ ეთანხმებიან

დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულები არ ეთანხმებიან დღეს დაზუსტებულ ბრალს, რომ ისინი ზემდგომი თანამდებობის პირების დავალებით, განზრახ მოქმედებდნენ.

როგორც ივერი მელაშვილის ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა გლდანის მერვე დაწესებულებაში ბრალის დაზუსტების შემდეგ განაცხადა, საბრალდებო მუხლში არაფერი შეცვლილა, ბრალის ფორმულირებას კი ორი სიტყვა ჩაემატა.

„ბრალდებაში ჩაემატა ორი სიტყვა „სხვისი დავალებით“ მოქმედება. ვისი დავალებით, რა მტკიცებულებებია და ა.შ. ჩვენთვის ეს არის მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განცხადება. ამ ეტაპისთვის ჩვენ სხვა მტკიცებულებები არ გვაქვს. ალბათ, თუ რამეა მოპოვებული, ორ დღეში გადმოგვცემენ. ივერი მელაშვილი კატეგორიულად არ ეთანხმება ბრალდებას, მიუღებელია მისთვის ეს ყოველივე. მტკიცებულება, რომელიც რაიმე ბრალდებას ან ვინმესთან კავშირს დაადასტურებს, ჩვენთვის არც აქამდე იყო და დარწმუნებული ვარ, არც ახლა იქნება”, – განაცხადა ედუარდ მარიკაშვილმა.

ბრალის დაზუსტების პროცედურა გლდანის ციხესთან სამოქალაქო აქტივისტების აქციის ფონზე დასრულდა.

დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულების წინასასამართლო სხდომა 28 იანვარს არის ჩანიშნული, სადაც ადვოკატები პატიმრობის შეცვლას და საქმის შეწყვეტას მოითხოვენ.

დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად ედებათ საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულები მათთვის წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 30 ნოემბერს გადასინჯა და ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა. ნატალია ილიჩოვასა​ და ივერი მელაშვილის მიმართ პროკურატურამ გამოძიება დაასრულა, საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში გაგრძელდება.