ესპანელი მეკარე დავიდ დე ხეა კარიერას ფლორენციის „ფიორენტინაში“ გააგრძელებს, – იტალიურმა კლუბმა ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.
დე ხეას ბოლო გუნდი „მანჩესტერ იუნაიტედი“ გახლდათ, რომელიც 2023 წლის ივნისში, კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ დატოვა და მას მერე უგუნდოდ იყო.
33 წლის ესპანელი მეკარე იტალიურ კლუბთან ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს, ხელშეკრულების კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.
„მანჩესტერ იუნაიტედში“ დავიდ დე ხეამ 12 წელი გაატარა და გუნდის მაისური 545 შეხვედრაში მოირგო.