დარკვეთის მაღაროში გამოძიების დასრულებამდე მადნეულის მოპოვების პროცესი შეწყდება
დარკვეთის მაღაროში გამოძიების დასრულებამდე მადნეულის მოპოვების პროცესი შეწყდება

ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში მადნეულის მოპოვების პროცესი გამოძიების დასრულებამდე შეწყდება. აღნიშნული გადაწყვეტილება სამი უწყების წარმომადგენლებისგან შემდგარმა კომისიამ მიიღო.

გაგრძელდება თუ არა სამუშაოები, გამოძიების შემდეგ გაირკვევა.

„გაგრძელდება თუ არა მანგანუმის მოპოვების სამუშაოები მაღაროში, ეს გამოძიების შედეგზე იქნება დამოკიდებული“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ.

ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში მუშა გუშინ დაიღუპა. მამაკაცის დაღუპვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ. როგორც საქართველოს პირველ არხს უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ამასთან, როგორც კომპანია „ჯორჯიან მანგანეზში“ განაცხადეს, უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით კომპანიამ შიდა მოკვლევა დაიწყო.

დატოვე კომენტარი