ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში უბედურ შემთხვევაზე „ჯორჯიან მანგანეზმა“ შიდა მოკვლევა დაიწყო
ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში უბედურ შემთხვევაზე „ჯორჯიან მანგანეზმა“ შიდა მოკვლევა დაიწყო

ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით „ჯორჯიან მანგანეზმა“ შიდა მოკვლევა დაიწყო. ამის შესახებ განცხადებას კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ ავრცელებს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, პირველადი მონაცემებით, შემთხვევა, რამაც 29 წლის გაგა ბოჭორიშვილის სიცოცხლე იმსხვერპლა, არ იყო გამოწვეული ავარიული შემთხვევით, მიწის მასის ჩამოშლით ან ტექნიკური გაუმართაობით.

მათი თქმით, დარკვეთის მაღარო, სადაც შემთხვევა მოხდა, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ტექნიკური უსაფრთხოების მიმართულებით, უკანასკნელად ორი თვის წინ შემოწმდა.

„სამშენებლო ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის შემოწმების აქტის თანახმად, ის უსაფრთხოების სტანდარტებსა და სამუშაო პირობებს აკმაყოფილებს. მომხდარ ფაქტზე გამოძიებას შსს-ს სამინისტრო აწარმოებს. „ჯორჯიან მანგანეზი“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და დაღუპულის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს“, – აცხადებენ კომპანიაში.

ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში შემთხვევა გუშინ მოხდა. მუშის დაღუპვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ. როგორც საქართველოს პირველ არხს უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.