„სილკებორგი“ დანიის სუპერლიგას დაემშვიდობა. დავით სხირტლაძის გუნდი პლეი აუტში ასევე ქართველის გუნდს, ლაშა პარუნაშვილის „ესბიერგს“ დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით დამარცხდა.
„ესბიერგმა“ პირველი მატჩი 0:1 წააგო და განმეორებით შეხვედრაში ლიგაში დარჩენის შანსს ინარჩუნებდა, მაგრამ პარუნაშვილის გუნდმა შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარა, მეტოქე 3:0 დაამარცხა და ორი მატჩის ჯამში 3:1 გამარჯვებით სუპერლიგას ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა.
შეხვედრა ორივე ქართველმა ჩაატარა. პარუნაშვილი „ესბიერგის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა, ხოლო 93-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. „ესბიერგის“ ოფიციალური გვერდის ცნობით, 25 წლის ქართველმა ნახევარმცველმა მოედნის ცენტრში დიდი სამუშაო გასწია და გუნდის წარმატებაში თავისი წილი შეიტანა. სხირტლაძე კი „სილკებორგში“ შეცვლაზე, 68-ე წუთზე გამოჩნდა და თავი ყვითელი ბარათით გამოიჩინა.
დარჩება თუ არა სხირტლაძე „სილკებორგში“ და ისურვებს თუ არა პირველ დივიზიონში თამაშს, ჯერ უცნობია. მისი თანაგუნდელი მათე ვაწაძე კი გუნდს უკვე დაემშვიდობა და კარიერას სხვაგან გააგრძელებს.