ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მორიგი 9 შეხვედრა გაიმართა. ლუკა დონჩიჩის გარეშე მოასპარეზე „დალას მავერიკსმა“ „მილუოკის“ სტუმრად დამარცხების შემდეგ „ბოსტონს” საკუთარ არენაზე უმასპინძლა და მეტოქესთან 103-109 დამარცხდა.
ბრედ სტივენსის გუნდში მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა კემბა ვოკერმა. „სელტიკსის“ გამთამაშებელმა 32 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი დააგროვა. 26 ქულა შესძინა საკუთარ გუნდს ჯეილენ ბრაუნმა, მას ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა. ჯეისონ ტეიტუმმა 24 ქულა მიითვალა.
ტეხასურ გუნდში 23 ქულითა და 13 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა კრისტაპს პორზინგისმა. 20 ქულა იყო სეტ კარის ანგარიშზე. 10 ქულითა და 11 პასით ასევე ორმაგი დუბლი ჰქონდა ჯეილენ ბრანსონს. მას სამმაგ დუბლამდე 3 პასი დააკლდა.
„დალასი“ დასავლეთ კონფერენციაში 18 მოგებითა და 9 მარცხით 4-5 ადგილებს „ჰიუსტონთან“ ინაწილებს. რაც შეეხება „ბოსტონს”, ბრედ სტივენსის გუნდს 18 მოგება და 7 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე პოზიციაზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას „სელტიკსი“ 21 დეკემბერს „ტი დი გარდენში“ „დეტროიტთან“ გამართავს. „დალასი” კი ასევე 21 დეკემბერს სტუმრად „ფილადელფიას“ შეხვდება.
კლივლენდი – შარლოტი 100-98
დეტროიტი – ტორონტო 99-112
ვაშინგტონი – ჩიკაგო 109-110
ფილადელფია – მაიამი 104-108
მინესოტა – ნიუ ორლეანი 99-107
ოკლაჰომა – მემფისი 126-122
დენვერი – ორლანდო 113-104
პორტლენდი – გოლდენ სტეიტი 122-112