„ბოსტონმა“ „მაიამისთან“ სერიაში ჩამორჩენა შეამცირა [ვიდეო] #1TVSPORT

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) გრძელდება აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალური სერია. მეხუთე შეხვედრას „ბოსტონის“ საშინაო არენამ უმასპინძლა, სადაც ადგილობრივმა გუნდმა „მაიამი ჰიტი“ 110:97 დაამარცხა და სერიაში ჩამორჩენა კიდევ უფრო შეამცირა – 2:3 (სერია ოთხ მოგებამდეა).

მთელი თამაშის განმავლობაში უპირატესობა მასპინძლების მხარეს იყო და „მაიამი“ მეტოქესთან ახლოს მისვლას ვერ ახერხებდა.

მეხუთე მატჩის საუკეთესო მექულე „ბოსტონის“ უკანახაზელი დერიკ ვაითი გახდა, რომელმაც 24 ქულას მოუყარა თავი. კარგი შეხვედრა ჰქონდათ მარკუს სმარტს (23 ქულა), ჯეილინ ბრაუნსა (21 ქულა) და ჯეისონ ტეიტუმს (21 ქულა). „მაიამის“ დანკან რობინსონმა ულიდერა, რომელმაც 24 ქულა ჩაიწერა აქტივში.

სერიის მეექვსე მატჩს „მაიამი“ 28 მაისს უმასპინძლებს. აღსანიშნავია, რომ „ბოსტონი“ დაპირისპირებას 0:3-ს აგებდა, ხოლო ასეთი დეფიციტიდან NBA-ს ისტორიაში სერია არცერთ გუნდს მოუგია წინა 149 შემთხვევიდან.

მიმდინარე სეზონის სუპერფინალის საგზური დასავლეთ კონფერენციიდან უკვე მოიპოვა „დენვერ ნაგეტსმა“.